ნახეთ: გასაოცარი კადრები მზის უიშვიათეს ჰიბრიდულ დაბნელებას გვიჩვენებს
რამდენიმე საათის წინ მზის უიშვიათესი ჰიბრიდული დაბნელება იყო, რომლისთვისაც თვალის მიდევნება ავსტრალიიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან შეძლეს.
სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ამ გასაოცარი მოვლენის ამსახველი უამრავი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ეფარება მთვარე ჩვენი ვარსკვლავის კაშკაშა დისკოს. სტატიაში რამდენიმე შთამბეჭდავ კადრს გაგიზიარებთ.
მზის სრული დაბნელება მაშინ ხდება, როცა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი პლანეტასა და ვარსკვლავს შორის ექცევა ისე, რომ მნათობს ჩრდილავს. ამ დროს მხოლოდ მზის თეთრი გვირგვინია ხილული, რომელიც ბნელი დისკოს კიდეებიდან ანათებს.
მეორე მხრივ, რგოლისებრი დაბნელებისას, მზის დისკოს ფონზე მთვარის ზომა შედარებით მცირეა, ამიტომ დისკოს ირგვლივ უფრო მეტად შესამჩნევი კაშკაშა რგოლი იკვეთება. უკანასკნელი ჰიბრიდული დაბნელებისას ვარსკვლავი ჯერ რგოლისებრი დაბნელების ფაზაში იყო, შემდეგ სრულში გადავიდა და ისევ რგოლისებრს დაუბრუნდა. მსგავსი მოვლენის ხილვის შესაძლებლობა კი ხშირად ნამდვილად არ გვაქვს.
ამ ვიდეოში დასავლეთ ავსტრალიიდან გადაღებული სრული დაბნელებაა აღბეჭდილი, ბოლოს კი ბნელი დისკოს ზედა კიდიდან მზე იწყებს ამოსვლას, რაც თვალწარმტაც სანახაობას ქმნის:
საინტერესოა ისიც, თუ როგორ აისახება გარემოზე მზის ამგვარი დაბნელება. ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ იკლებს ეტაპობრივად სინათლე ავსტრალიის სანაპიროს მიმდებარედ, დაბნელების პროცესის პარალელურად:
ბოლოს კი შემოგთავაზებთ ასევე მზის დაბნელების დროს გადაღებულ კადრს, რომელიც ავსტრალიის ხელოვნური თანამგზავრის Himawari მიერ დედამიწის ორბიტიდანაა დაფიქსირებული. ის კონტინენტის ნათელი და ჩაბნელებული ნაწილების კონტრასტს გამოკვეთს:
აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრალიისთვის 2023 წელს მზის პირველი დაბნელება იყო.
კომენტარები