Meta-მ მომხმარებლებისთვის ფულადი კომპენსაციების გაცემა დაიწყო. ეს მონაცემებზე წვდომის უნებართვო გაცემას უკავშირდება. თანხას ის დაზარალებულები მიიღებენ, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ და Facebook-ს კონკრეტულ პერიოდში მოიხმარდნენ.

წლების განმავლობაში კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი Facebook-ის არაერთმა მომხმარებელმა აღძრა. ისინი Meta-ს ადანაშაულებდნენ, რომ მონაცემები მესამე მხარისთვის მომხმარებლის ნებართვის გარეშე გახადა ხელმისაწვდომი.

სარჩელთა გაერთიანებით კოლექტიური სარჩელი შეიქმნა, რომლის თანახმადაც, Facebook-მა უნებართვო წვდომა მომხმარებელთა მეგობრების კუთვნილი მონაცემებზეც გასცა; Facebook შესაბამისად არ აკონტროლებდა თავიანთი რეგულაციების დაცვას მესამე მხარეებთან დაკავშირებით, რომლებსაც მომხმარებელთა მონაცემებზე აქვს წვდომა.

აღნიშნული განაცხადების ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა ისაა, რომ Facebook-მა მონაცემებზე წვდომა Cambridge Analytica-ზე გასცა — მონაცემთა ანალიზის ფირმა (აწ უკვე გაუქმებული), რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიასთან თანამშრომლობდა.

Meta ახლახან კოლექტიური სარჩლის მოგვარებას დასთანხმდა. კომპანია ბრალდებებს არ აღიარებს, თუმცა შეთანხმების ფარგლებში დაზარალებულ მოსარჩლეებს ჯამში $725 მილიონს გადაუხდის.

საგულისხმოა, რომ ეს რაოდენობა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ გადასახადებსაც მოიცავს, შესაბამისად, მომხმარებლებისათვის გაცემული თანხა ბევრად ნაკლები იქნება. ამასთან ერთად, მიღებული კომპენსაციის რაოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი ადამიანი გამოთქვამს საფუძვლიან პრეტენზიას.

განაცხადის შევსება აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებსაც Facebook ანგარიში 2007 წლის 24 მაისიდან 2022 წლის 22 დეკემბრამდე ჰქონდათ აქტიური. მოთხოვნის გაგზავნა 2023 წლის 25 აგვისტომდეა შესაძლებელი ამ ბმულზე.

მათ, ვინც ამგვარ შეთანხმებას აპროტესტებს, Meta-ს წინააღმდეგ სარჩლის შეტანა 2023 წლის 26 ივლისამდე შეუძლიათ. თუკი საბოლოო ვადებამდე მომხმარებელი არც პროტესტს გამოთქვამს და არც მოთხოვნას შეიტანს, სამომავლოდ ვერცერთს ვეღარ შეძლებს.

თუ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, ეწვიეთ ვებსაიტს FacebookUserPrivacySettlement.com.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.