ჩეჩენი ბლოგერი ამტკიცებს, რომ კადიროვის გასამასხარავებლად საკუთარი სიკვდილი გაითამაშა
ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი, თუმსო აბდურახმანოვი ამტკიცებს, რომ გასულ დეკემბერს მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები გაავრცელა, რათა თავიდან აეცილებინა რამზან კადიროვის მიერ მისი მკვლელობის მცდელობა.
კვირას, YouTube-ის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აბდურახმანოვი აცხადებს, რომ საკუთარი სიკვდილი მას შემდეგ გააყალბა, რაც აცნობეს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა მისი მკვლელობის ბრძანება გასცა.
აბდურახმანოვი მკვლელობის მცდელობას 2020 წლის თებერვალშიც გადაურჩა, როცა ის და მისი თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ჩეჩნეთის მთავრობისა და რამზან კადიროვის ცნობილი კრიტიკოსია.
"კადიროვმა დიდი თანხა გამოყო და ზოგიერთმა ინგუშმა ეს ბრძანება მიიღო, ჩემი მოკვლის პირობა დადეს და ამ ადამიანს დახმარების თხოვნით დაუკავშირდნენ", — ამბობდა აბდუმრახმანოვი შარშანდელ მოვლენებზე. "და ამ ადამიანმა შემომთავაზა, რომ მე ყველა მიმეღო, მომეტყუებინა და ჩემი მკვლელობის ყალბი ვიდეო გადამეღო".
აბდურახმანოვის თქმით, კადიროვის მთავარი პირობა იყო, რომ ბლოგერი დაეხვრიტათ. მიუხედავად თავდაპირველი სკეპტიციზმისა, მიხვდა რომ ორი არჩევანი ჰქონდა: "დამჯდარიყო და დალოდებოდა, როდის მოვიდოდა ვინმე ამ ბრძანების შესასრულებლად, ან კადიროვის მოტყუება ეცადა".
აბდურახმანოვმა და მისმა ინფორმატორმა ვიდეო გადაიღეს, რომელშიც ჩანს, რომ ბლოგერს ესროლეს. ეს ვიდეო გადასცეს ჯგუფს, რომელიც მკვლელობას გეგმავდა.
მისი განცხადებით, კადიროვთან დაკავშირებულმა ხალხმა დამატებითი მტკიცებულებები მოითხოვა. ამან ბლოგერი და მისი თანამოაზრე აიძულა, ეპოვათ ადამიანები, ვინც აბდურახმანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას და ფაქტებს დაადასტურებდნენ.
ბლოგერი ამბობს, რომ მისმა კონტაქტმა ჩეჩნეთის ოპოზიციურ ტელეგრამის არხს 1ADAT ფული შესთავაზა, რათა გარდაცვალების შესახებ ყალბი ცნობები გაევრცელებინათ. არხი ჩეჩნეთის შესახებ ახალი ამბების გამორჩეული წყაროა.
"თავიდან უარი თქვეს, აუქციონი დაიწყო და ბოლოს $50 000-ზე შევთანხმდით", — ამბობს აბდურახმანოვი.
5 დეკემბერს, 1ADAT-მა გამოაქვეყნა ცნობები შვედეთში აბდურახმანოვის გარდაცვალების შესახებ, როგორც დადასტურებული ინფორმაცია. ანზორ მასხადოვმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის, იჩკერიის ყოფილმა წარმომადგენელმა და აბდურახმანოვის თანამოაზრემ, ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ადასტურებდა, რომ ბლოგერი გარდაიცვალა.
იბრაგიმ იანგულბაევმა, 1ADAT Telegram-ის მოდერატორმა, კვირას გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უარყო, რომ მისმა ორგანიზაციამ პოსტისთვის ფული აიღო.
აბდურახმანოვმა თქვა, რომ ინგუშები, რომლებსაც მისი მკვლელობა დაევალათ, მოგვიანებით ჩეჩნეთის ხელისუფლებამ დააკავა და ამიტომაც მან გადაიღო ვიდეო, სადაც თითქოს კომაში იყო, რომ მისი სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტი დაედასტურებინა.
9 დეკემბერს ახმად ზაკაევმა, რომელიც იჩქერიის მთავრობაში ვიცე-პრემიერად მუშაობდა, სანამ რამდენიმე წლის განმავლობაში ემიგრაციაში მყოფ მთავრობას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ აბდურახმანოვი ცოცხალი იყო.
ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, აბდურახმანოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ ცოცხალია და განაახლებს თავის ოპოზიციურ საქმიანობას. მან ასევე განუცხადა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს SVT-ს, რომ აქვს შვედეთის ხელისუფლების მხარდაჭერა, რომელმაც ერთ დროს მისი "24/7 დაცვა" უზრუნველყო.
თავის ბოლო ვიდეოში ბლოგერმა აღნიშნა, რომ კადიროვის ხალხმა დაიწყო იმ ადამიანების "დევნა, წამება, მკვლელობა" რომლებიც მის ყალბ სიკვდილთან იყვნენ დაკავშირებული.
ამ დრომდე ჩეჩნეთის ხელისუფლებას ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია.
1ADAT-მა უარყო, რომ პოსტის განთავსებისთვის ფული აიღო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პირი, რომელიც ხელს უწყობდა მათ ურთიერთობას აბდურახმანოვთან, ფაქტობრივად, კადიროვის სამსახურში იყო.
OC Media კომენტარისთვის შვედეთის უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები