ცირკონის ბროლის ეს ლურჯი კრისტალი დაახლოებით 4,4 მილიარდი წლით თარიღდება. ეს მას პლანეტის ქერქის ყველაზე ადრეულ დადასტურებულ ნიმუშად აქცევს და გვაძლევს გარკვეულ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე.

უძველესი კრისტალი აღმოაჩინეს დასავლეთ ავსტრალიის მხარეში, შორეულ კლდეზე, სახელად ჯეკ ჰილსი. 2014 წელს ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებმა აღმოჩენა 4,39 მილიარდი წლით დაათარიღეს — ეს მას უძველეს გეოლოგიურ მასალად აქცევს, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა დედამიწაზე.

ამ კვლევამდეც ცნობილი იყო, რომ ცირკონი ერთ-ერთი უძველესი მასალაა დედამიწაზე, რომელიც გაციებისას წარმოიქმნება როგორც მინერალი გარკვეულ მაგმებში. ასეთ მასალას მილიარდობით წლის განმავლობაში შეუძლია გაძლება, მაშინაც კი, როდესაც ექვემდებარება ინტენსიურ ცხელ ტემპერატურასა და წნევას. შესაბამისად, ეს ამ მასალას სრულყოფილ დროის კაფსულად აქცევს.

ფოტო: Andree Valley

გაითვალისწინეთ, რომ ცირკონის ეს კრისტალი ძალიან პატარაა, შეუიარაღებელი თვალით ძლივს შესამჩნევი. მიუხედავად მისი მიკროსკოპული ზომისა, ის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს მასალა მზის სისტემის გაჩენიდან სულ რაღაც 160 მილიონ წელში ჩამოყალიბდა. რაც ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 10 მილიონი წლის შემდეგ შეიქმნა, რაც ადრეული პროტო-დედამიწა შეეჯახა გიგანტურ მარსის ზომის ობიექტს. ცნობისთვის, ამ პროცესში შეიქმნა მთვარე და სწორედ ასეთმა პროცესმა გადააქცია ჩვენი პლანეტა გამდნარი ქვის გავარვრებულ წითელ ბურთად.

შესაბამისად, თუ ცირკონი დაახლოებით 4,4 მილიარდი წლის წინ შეიქმნა, მაშინ დედამიწა უნდა გაცივებულიყო და გაყინულიყო — რის შედეგადაც მისი ქერქი წარმოქმნა. ამ პრეისტორიულ მოვლენებზე დაკვირვება ემსახურება იმის მტკიცებულებას, რომ დედამიწაზე თხევადი წყლისთვის შესაფერისი გარემო დაახლოებით 4,3 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, რასაც მალე სიცოცხლეც უნდა მოჰყოლოდა.

"ეს ადასტურებს ჩვენს შეხედულებას იმის შესახებ, თუ როგორ გაცივდა დედამიწა და გახდა სიცოცხლისთვის შესაფერისი. ეს ასევე დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ჩნდება დედამიწის მსგავსი სხვა პლანეტები", — ამბობს პროფესორი ჯონ ველიმი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.