სალომე ზურაბიშვილი

31 Mar. 2023, 12:32

თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება.

საგარეო მიმართულებით გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე. 2012 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია.

2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია — საქართველოს ევროპული გზა, 2021 წელს კი თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებდა. ამ ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს უწოდებდა.

ამიტომ ახლა არ შემიძლია, არ გითხრათ თუ არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით.

დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  2. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

ეუთო/ოდირმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ქართული…