საბავშვო წიგნები, რომლებიც გაჯეტებს ამარცხებენ
მშობლები ბავშვებს ხშირად უკითხავენ წიგნებს, მაგრამ რომელ პატარას არ აქვს ერთი სული, გაიზარდოს და ამ ჯადოსნობის შემოქმედი გახდეს — ფურცლებს შეეხოს და სასწაულები თავადვე ჩაიდინოს. ერვე ტიულეს ორიგინალური წიგნები კი ბავშვებს სწორედ ამის შესაძლებლობას აძლევს.
ცნობილი ფრანგი მხატვრისა და საბავშვო მწერლის წიგნები — დააჭირე აქ და ვითამაშოთ ფერებით სულ ცოტა ხნის წინ თარგმნა და გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ამ გამოცემებს, ერთი შეხედვით, სხვა უამრავი საბავშვო წიგნიდან არაფერი გამოარჩევს. თუმცა, დაიცადეთ, სანამ გაიგებდეთ, რომ გვერდიდან გვერდამდე, მაგალითად, დაკაკუნებით, სასწაული ხდება. როგორ? მოდით, დავიწყოთ ამ ორიგინალური წიგნების გაცნობა და ნელ-ნელა ყველაფერს შეიტყობთ.
1. წიგნები ორიგინალური კონცეფციითაა შექმნილი
ტიულეს წიგნების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მისი გაცნობისას ბავშვი პროცესის აქტიური მონაწილე ხდება. ეს სახალისო, ინტერაქციული აქტივობაა; ყოველ გვერდზე პატარა მინიშნებას აღმოაჩენს — წიგნის გვერდებს სული შეუბეროს, თითი დაუკაკუნოს თუ სულაც ტაში დაუკრას. დავალების შესრულების შემდეგ, ბავშვს მომდევნო გვერდზე შეცვლილი სურათი ხვდება: სხვადასხვა ფერის ლაქები ჩნდებიან, მრავლდებიან, ფიგურები ადგილს იცვლიან ან სულაც ქრებიან... მოკლედ, რა აღარ ხდება! ამ პროცესში ბავშვები შეამჩნევენ, რომ მათი ქმედებები გარკვეულ ცვლილებებს იწვევს და მიზეზ-შედეგობრივ კავშირსაც მარტივად დაინახავენ.
2. წიგნების საშუალებით პატარებს მრავალი უნარი უვითარდებათ
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
როგორც ვთქვით, ტიულეს წიგნების გაცნობა ძალიან სახალისო და ინტერაქციული პროცესია. სხვა საბავშვო დასურათებული წიგნებისგან მათ სწორედ ეს გამოარჩევს — ამ შემთხვევაში ტექსტს რამის აღსაწერად კი არ უკითხავთ ბავშვს, არამედ იწვევთ, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთოს. შედეგად, პატარებს ისეთი მნიშვნელოვანი უნარები უვითარდებათ, როგორებიცაა კონცენტრაცია, მეხსიერება, მეტყველება, წარმოსახვა და სხვა. ამ ყველაფერთან ერთად კი, ბავშვებში ცნობისმოყვარეობაც იღვიძებს და ისინი წიგნებით ინტერესდებიან.
3. წიგნებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში
ერვე ტიულეს საფრანგეთში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნების "პრინცად" იცნობენ. თუმცა, ავტორს აღიარება არც სამშობლოს გარეთ მოჰკლებია — მისი წიგნები ნამდვილ მსოფლიო ბესტსელერებად იქცა. დააჭირე აქ 35 ენაზეა გამოცემული და მისი 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ეს წიგნი The New York Times-ის ბესტსელერების სიაში 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რჩებოდა, რითაც დასურათებული გამოცემების რეკორდიც კი მოხსნა.
ტიულეს ნამუშევრებს დადებითად გამოეხმაურნენ ცნობილი გამოცემებიც. Shelf Awareness წერდა, რომ "წიგნი ყველა საკლასო ოთახს, ბიბლიოთეკას და მეგობრებისა თუ ოჯახის შეკრებას მოივლიდა". Kirkus Reviews კი აცხადებდა, რომ "მჩხავანა და მანათობელი სათამაშოების შემდეგ ტიულეს წიგნების სიმარტივე სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს".
4. წიგნებს რეკომენდაციას უწევენ ფსიქოლოგები
ტიულეს წიგნები რომ ბავშვებს გართობასთან ერთად სასარგებლო უნარების შეძენაში ეხმარება, ამას სპეციალისტებიც აღნიშნავენ. სწორედ ამიტომ, ქართველი ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი მათ რეკომენდაციას უწევს.
"წაუკითხეთ ეს წიგნი თქვენს პატარას, დაეხმარეთ, შეასრულოს წიგნში მოცემული ყველა მოქმედება და აღმოაჩენთ, რომ ბავშვს ბევრი მნიშვნელოვანი ფსიქიკური უნარი განუვითარდება, მათ შორის — მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის, კომუნიკაციისა თუ პრობლემის გადაჭრის", — ამბობს ნატა, — "გაატარეთ დრო თქვენს პატარასთან ერთად სახალისოდ და შინაარსიანად".
5. წიგნები გაჯეტებთან "ბრძოლას" იგებენ
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
და, აი, მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს. დღეს ბევრი მშობელი წუხს, რომ მათი შვილები მეტისმეტად დიდ დროს ატარებენ ეკრანთან. ტიულეს წიგნები კი ამტკიცებენ, რომ ფურცლებთან ურთიერთობა ბევრად სახალისო, ინტერაქციული და ჯადოსნურიც შეიძლება იყოს — ასე რომ, ისინი ტექნოლოგიებთან "ბრძოლას" იგებენ. ამასვე ამბობს ცნობილი გამოცემა Publishers Weekly.
"წიგნის ფერადი წერტილები ისეთივე ჩამთრევია, როგორც iPad-ის ეკრანი", — წერს გამოცემა, — "ყველაზე სახალისო ამბავი კი ის გახლავთ, რომ მათი საშუალებით ავტორი და მკითხველი უსიტყვოდ თანხმდებიან — ეს ჯადოსნობაა".
სხვათა შორის, პატარები იმაზეც თანხმდებიან, რომ ტიულეს წიგნების ერთხელ წაკითხვა არ კმარა. მერე რა, რომ ყველა დავალება უკვე იციან.
თქვენ კი, თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ ერვე ტიულეს წიგნების შეძენას შეძლებთ როგორც სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდზე, ასევე წიგნის მაღაზიებში.
კომენტარები