FDA: მედიკამენტების დასამტკიცებლად ცხოველებზე ტესტირება აუცილებელი აღარ იქნება
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) მედიკამენტების დამტკიცებამდე ცხოველებზე ტესტირებას აღარ მოითხოვს. ეს 2022 წლის დეკემბერში მიღებული კანონის წყალობით მოხდება. სააგენტოს ახლა აქვს საშუალება დაამტკიცოს წამლები, რომლებიც ტესტირებას გადიან მხოლოდ არაცხოველურ კვლევებში, მათ შორის, რომლებიც იყენებენ ლაბორატორიაში გაზრდილ ქსოვილებს ან კომპიუტერულ მოდელებს.
თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რამდენად უსაფრთხოა და მოხდება თუ არა ეს პრაქტიკაში მალე?
ექსპერტების თქმით, ამ მომენტისთვის დრამატულ ცვლილებას ჯერ არ უნდა მოველოდეთ.
"ვფიქრობ, რომ ამის ფაქტობრივად განხორციელებამდე, ცოტა დრო კიდევ დაჭირდება", — განუცხადა Live Science-ს ვივეკ გუპტამ, ინდუსტრიული ფარმაციის ასოცირებულმა პროფესორმა.
"ეს იმიტომ, რომ, პერსპექტიული არაცხოველური მოდელები, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა", — თქვა ჯიმ ნიუმენმა, Americans for Medical Progress-ის კომუნიკაციების დირექტორმა.
აქამდე, FDA, როგორც წესი, წამლების ტესტირებას ერთ მღრღნელსა და ერთ არამღრღნელ სახეობებზე ითხოვდა. ეს სანამ მედიკამენტს ადამიანებზე ცდებში გადაიტანდნენ, იტყობინება Science.
მკვლევრებს ცხოველებზე ტესტები ეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ იშლება წამლები სხეულში და აღწევს თუ არა ისინი იმ ქსოვილებს, რომლებიც სამიზნედაა ამოღებული. თუმცა, ეს მეთოდები ბოლომდე სრულყოფილი არაა. ჟურნალ Translational Medicine Communications-ში გამოქვეყნებული 2019 წლის მიმოხილვის თანახმად, წამლების 90%-ზე მეტი, რომლებსაც ცხოველებზე ტესტავენ ადამიანებზე არაფექტურია.
კვლევითი ჯგუფები, რომლებიც ცხოველებზე ტესტირების ალტერნატივაზე მუშაობენ, მიზნად ისახავენ უფრო ეფექტიანი ტესტირების შემუშავებას.
დოქტორი დონალდ ინგბერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის Wyss-ის ინჟინერიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, დაეთანხმა გუპტას შეფასებას, რომ ახალ მიდგომას დრო დასჭიდება და ეტაპობრივი იქნება.
"ვფიქრობ, ამისთვის ჯერ კიდევ ცოტა დრო დაგვჭიდება", — განუცხადა ინგბერმა Live Science-ს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება წამლების შემქმნელების დარწმუნება იქნება, მიიღონ ახალი ტესტირების მეთოდები, თქვა მან. კომპანიებს სურთ ნახონ მტკიცებულება, რომ მოდელები აჩვენებენ ეკვივალენტურ ან უფრო მაღალ სიზუსტეს, ვიდრე ცხოველებზე ტესტირებაა. ამაში დასარწმუნებლად მათ დრო დასჭირდებათ.
"ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში", — თქვა ინგბერმა, რომლის ლაბორატორია "ორგანულ ჩიპებს" ქმნის.
ეს პატარა მოწყობილობებია, რომლებიც შეიცავს ადამიანის ცოცხალ ქსოვილებს. სწორედ ეს ჩიპებია, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ წამლის ტესტირებაში.
ცხოველებზე ტესტირების სხვა პერსპექტიული ალტერნატივებია ორგანოიდები, ან ლაბორატორიაში გაზრდილი უჯრედების 3D მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ სრული ზომის ორგანოების ძირითადი ბიოლოგიური მახასიათებლების მიბაძვა. ისინი ხშირად ღეროვანი უჯრედებიდან მიიღება.
კიდევ არსებობს კომპიუტერების გამოყენებით აგებული მოდელები. მაგალითად, მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელები წამლის ტოქსიკურობის შესაფასებლად. მაგალითად, ერთი მოდელი, რომელიც აღწერილია ჟურნალ Frontiers in Physiology-ში, პროგნოზირებს, შეიძლება ჰქონდეს თუ არა მედიკამენტს ტოქსიკური ეფექტი გულზე.
კომენტარები