"არ შეეხოთ" — ავსტრალიაში რადიოაქტიური ობიექტი დაიკარგა
დასავლეთ ავსტრალიაში მცირე ზომის რადიოაქტიური ობიექტის ძებნა მიმდინარეობს. ის მაშინ დაიკარგა, როცა მაღაროდან სატრანსპორტო საშუალებით გადაჰქონდათ, საიდანაც სავარაუდოდ, გზაში გადმოვარდა.
ესაა მომრგვალო ფორმის პატარა ვერცხლისფერი კაფსულა, რომელიც სამრეწველო საქმიანობაში გამოიყენება. მისი ზომა 6 მმ/8 მმ-ზეა და ის 10-დან 16 იანვრის შუალედში დაიკარგა, როცა ქალაქ ნიუმენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შახტიდან პერთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მიჰქონდათ. ქალაქებს შორის მანძილი დაახლოებით 1 400 კილომეტრია.
დასავლეთ ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს მცირე ზომის ობიექტი იმიტომაა საშიში, რომ ქიმიურ ელემენტ ცეზიუმის რადიოაქტიურ იზოტოპს, cesium-137-ს შეიცავს, თუმცა არა დიდი რაოდენობით. ამის მიუხედავად, მასთან პირდაპირ კონტაქტს ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. სპეციალისტები ამბობენ, რომ კაფსულას იარაღის სახით ვერ გამოიყენებენ.
"მასთან კონტაქტმა შესაძლოა, რადიაციული დამწვრობა და მწვავე პირღებინება გამოიწვიოს. თუ ამ კაფსულის მსგავსს შენიშნავთ, მასთან ახლოს არ მიხვიდეთ და სხვებიც არ მიუშვათ. არ შეეხოთ და ხელში არ დაიჭიროთ", — ასე აფრთხილებენ მოსახლეობას ექსპერტები.
სამძებრო სამუშაოები, პირველ რიგში, დასახლებულ ადგილებში მიმდინარეობს, თუმცა რადიოაქტიურ ობიექტს სხვა არეალშიც ეძებენ, რასაც შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
კომენტარები