ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 100 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს — FBI
CNBC-ის ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დაადასტურა, რომ გასულ წელს Horizon Bridge-ზე მომხდარი ჰაკერული თავდასხმის უკან კიბერკრიმინალების კოლექტივი Lazarus Group იდგა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან კავშირშია შემჩნეული. თავდასხმის შედეგად 100 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა დაიკარგა.
Horizon Bridge სხვადასხვა კრიპტოვალუტის სისტემას (Harmony, Etherium, Bitcoin, Binance) აკავშირებს ერთმანეთთან და მომხმარებლებს მათ შორის კრიპტოვალუტის გადაცვლის საშუალებას აძლევს.
კომპიუტერული ტექნოლოგიების დასაწყისში ჰაკერები ძირითადად მარტოხელა აქტორები ან ჯგუფები იყვნენ, რომლებიც ფულის მარტივად შოვნას ან კონკრეტული პიროვნებებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდნენ. დროთა განმავლობაში ჰაკერული ჯგუფების მხარდაჭერა სახელმწიფოებმაც დაიწყეს და მათ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ წარმოებულ კიბერ ომში იყენებენ.
რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის ადრეულ პერიოდში რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერები უკრაინის სამთავრობო საიტებს თიშავდნენ და ამგვარად ქაოსის გამოწვევას ცდილობდნენ. სცენარი ანალოგიური იყო 2008 წელსაც, როცა რუსეთის ფედერაციის აგრესიის მსხვერპლი საქართველო გახდა. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ჰაკერულ ჯგუფებს მხარს ისიც უჭერს, თუმცა მოწინააღმდეგეებზე პირდაპირი თავდასხმის ნაცვლად ქვეყანა ამ ოპერაციებით სოლიდური თანხის მოპოვებას ცდილობს.
Lazarus ძალიან ცნობილი კოლექტივია, რომელსაც ყველაზე ხშირად სწორედ ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან აკავშირებენ. გასულ წელს ჯგუფი პოპულარული თამაში Axie Infinity-ის ოპერირებაზე პასუხისმგებელ ქსელ Ronin-ს დაესხა თავს, საიდანაც დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაქრა.
სხვადასხვა ცნობის მიხედვით, Lazarus-ის განკარგულებაში 6000 ჰაკერზე მეტია.
Horizon Bridge-ის თავდასხმა
2022 წელს ჰაკერების სამიზნე კრიპტოვალუტების გადაცვლის სისტემა Horizon გახდა — თავდასხმის შედეგად 100 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა დაიკარგა.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ თავდასხმა Lazarus-მა განახორციელა. ეს ვარაუდი FBI-მ ცოტა ხნის წინ დაადასტურა. გამოძიების ბიურომ თქვა ისიც, რომ 60 მილიონის ტოკენების გასაშვებად ჰაკერებმა ამ თვეში Railgun-ის სისტემა გამოიყენეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ქსელებს აქვთ ერთგვარი საჯარო რეესტრები, რომლის საშუალებითაც ვალუტის მფლობელის ვინაობის ხილვა შესაძლებელია, Railgun-ის მსგავსი სისტემები ტრანზაქციების ანონიმურობას უზრუნველყოფს. FBI-ის ცნობით, მოპარული კრიპტოვალუტის ნაწილი Bitcoin-ში გადაიცვალა.
გამოძიება აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს კრიმინალთა იდენტიფიკაციისა და ვირტუალური ვალუტის გათეთრების შეკავებისთვის. ეს ეროვნული ინტერესის საკითხიცაა, რადგან ამ გზით მიღებულ ფულს ჩრდილოეთ კორეა თავის სამხედრო ინდუსტრიასა და ატომურ პროგრამას ახმარს.
კომენტარები