რა იქნება მომავლის მთავარი ტექნოლოგია? — ბილ გეიტსის აზრი
ამერიკელ მილიარდერს მეტავერსი საუკეთესოდ ნამდვილად არ დაუსახელებია...
Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის აზრით, ტექნოლოგიური სფეროს ცვლილების მთავარი კატალიზატორი ხელოვნური ინტელექტი იქნება. ეს ამერიკელმა მილიარდერმა Reddit-ის პლატფორმაზე განაცხადა მომხმარებელთან დისკუსიისას. მისი თქმით, Web3 და მეტავერსი რევოლუციური მიღწევებია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ხელოვნური ინტელექტი.
ეს კომენტარი, ალბათ, მარკ ცუკერბერგს არ ესიამოვნებოდა. Facebook-ის დამაარსებელი მილიარდობით დოლარს ხარჯავს, რომ თავის უდიდეს ოცნებას, განვითარებულ მეტავერსს მიაღწიოს, თუმცა ჯერჯერობით ამ სურვილს ახდენა არ უწერია.
ასევე იხილეთ: სკეპტიციზმი, დაბნეულობა, იმედგაცრუება: მარკ ცუკერბერგის მეტავერსის გამოწვევები
ამის საპირისპიროდ, OpenAI-ის ჩეთბოტი ChatGPT დღითიდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები იმდენად ფართოა, რომ ის ისეთ ტიტანსაც უქმნის საფრთხეს, როგორიც Google-ია.
ხელოვნური ინტელექტის აღზევება
ხელოვნური ინტელექტი იმაზე ბევრად შორს წავიდა, ვიდრე ძიებაში დახმარებაა. სიტუაციის ილუსტრაციისთვის კარგი მაგალითია ის, რომ ხელოვნური ინტელექტი ცოტა ხანში ადამიანს სასამართლოში დაიცავს. გარდა იმისა, რომ AI თავდაცვის მოსამზადებლად ძველ ინფორმაციას გამოიყენებს, ის ლაივ რეჟიმში იმუშავებს და მოწინააღმდეგე მხარის ბრალდებებს შესაბამის პასუხებსაც გასცემს.
ჩინეთის სახალხო გათავისუფლების არმია (PLA) უფრო შორს წავიდა და ხელოვნურ ინტელექტს საომარი სიმულაციების შესაქმნელად იყენებს. ამ სიმულაციებში ნაჩვენებია თაივანში შეჭრის ოპერაცია და მოსალოდნელი სცენარები. მიუხედავად იმისა, რომ საომარ მოქმედებებში AI-ის გამოყენება ცხარე განხილვის საგანია, ჩინელი ექსპერტები თვლიან, რომ მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება აშშ-ის თაივანის რეგიონიდან გასაყვანად გამართლებულია.
რა თქმა უნდა, ბილ გეიტსს ხელოვნური ინტელექტის მსგავსი გამოყენება არ უგულისხმია. Microsoft-ის დამფუძნებელი აღფრთოვანებულია ტექნოლოგიის შესაძლებლობებით და მის დანერგვას თავის კომპანიებში აპირებს.
ხელოვნური ინტელექტის სარგებელი
გეიტსი დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს ძალიან წაახალისებს. მაგალითად, მას შეუძლია მოსწავლეებს მათემატიკის სწავლაში დაეხმაროს და ეს პროცესი საინტერესო გახადოს. ასევე, იმ რეგიონებში, სადაც ექიმების ნაკლებობაა, ხელოვნური ინტელექტი ავადმყოფს რჩევებს მისცემს.
სავარაუდოდ, ეს კომენტარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ Microsoft-ს OpenAI-სთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს. გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტექნოლოგიური გიგანტი ChatGPT-ის შემქმნელისათვის 10 მილიარდ დოლარიან ინვესტიციას ამზადებს.
ერთი სიტყვით, ბილ გეიტსის აზრით, ვირტუალური რეალობა და მეტავერსი საკმაოდ რევოლუციური ტექნოლოგიებია, თუმცა მომავალი მაინც ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნის.
კომენტარები