Microsoft OpenAI-სთვის 10-მილიარდიან ინვესტიციას ამზადებს
ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-ს OpenAI-ში 10 მილიარდი დოლარის დაბანდება სურს. კომპანია განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ინოვაციური ჩეთბოტი ChatGPT შექმნა.
Semafor-ის ცნობით, ბილ გეითსის კომპანია საერთო ჯამში 29 მილიარდი დოლარის ინვესტიციის გაცემაზე მუშაობს და მოლაპარაკებები ჯერ ისევ მიმდინარეობს.
ამავე ცნობებით, ინვესტიციის პაკეტი OpenAI-ის გარდა სხვა ფირმებსაც ეხებოდა. დასრულდა თუ არა მოლაპარაკებები, ცნობილი არ არის, თუმცა პროგნოზების მიხედვით, ყველაფერი 2022 წლის ბოლომდე უნდა გადაწყვეტილიყო.
შეთანხმება კომპლექსურია. მისი მიხედვით, Microsoft-მა OpenAI-ის შემოსავლების 75% უნდა მიიღოს, სანამ დაბანდებულ ფულს არ ამოიღებს. ამის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიის 49%-ის მფლობელი გახდება, სხვა ინვესტორები ასევე 49%-ს მიიღებენ, ხოლო 2% OpenAI-ის არაკომერციულ მშობელ კომპანიას დარჩება.
Microsoft OpenAI-ის წილს ახლაც ფლობს, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიებს ამ თანამშრომლობისა და დაფინანსების გაღრმავება სურთ. სავარაუდოდ, ბილ გეითსის კომპანია საძიებო სისტემა Bing-ის ChatGPT-ით გამდიდრებას ცდილობს.
რა თქმა უნდა, ეს აქტიურობა Google-ს არ გამორჩენია, რომელიც საძიებო სისტემების ბაზრის 90%-ს აკონტროლებს. დეკემბერში New York Times-მა გვამცნო, რომ Google-ში ყველაფერი იციან, საკმაოდ შიშობენ და საკუთარ ჩეთბოტებზეც აგრძელებენ მუშაობას.
გარდა ChatGPT-ისა, OpenAI სხვა პროექტებზეც მუშაობს. მაგალითად, კომპანიის პროდუქტია DALL-E – ხელოვნური ინტელექტი, რომელიც რეალისტურ ფოტოებს ტექსტის მიხედვით ქმნის. ასევე, საინტერესო პროექტია Point-E-ც, რომელსაც 3D ობიექტების შექმნა შეყვანილი ტექსტით შეუძლია.
ChatGPT-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მომხმარებლები მის ახალ-ახალ ფუნქციებს აწყდებიან. სტუდენტები ჩეთბოტს აკადემიური ტექსტების შესაქმნელად, ხოლო სამსახურის მაძიებლები სამოტივაციო წერილების დასაწერად იყენებენ. რაც უფრო საინტერესოა, მისი დახმარებით ჰაკერებს მავნე პროგრამების შექმნაც კი შეუძლიათ. შესაბამისად, Google-ის შიშები დღითიდღე უფრო და უფრო გასაგები ხდება.
ასევე იხილეთ: ChatGPT-ს ვაკანსიებისთვის სამოტივაციო წერილის შექმნაც შეუძლია
კომენტარები