სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.

ვინც არ მიცნობს, მათთვის თავს წარვადგენდი, როგორც უბრალოდ ელენე, რიგითი ადამიანი, 22 წლის, უბრალო გარეგნობის მქონე, ცოტა უცნაური და რაღაც მხრივ, ჩაკეტილი გოგო, რომელიც საკუთარ თავს იმაზე კრიტიკულად უდგება და უარესად ხედავს, ვიდრე არის. არა, დაბალი თვითშეფასება არ მაქვს, უბრალოდ რეალისტი ვარ.

ბავშვობა — ოჯახში ძალადობა და მძიმე სოციალური პირობები

ბავშვობაში ბევრად უცნაური, პირდაპირი და დაკომპლექსებული ვიყავი. ბებოსთან, ბაბუასთან და თითქმის თანატოლ დეიდა-ბიძიასთან ერთად ვიზრდებოდი, მძიმე სოციალურ პირობებში. თვიდან თვემდე როგორღაც ვარსებობდით, პრინციპში, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა.

მახსოვს, სკოლასთან ახლოს თუთის ხე იყო. მიყვარდა ხეზე აძრომა, თუთის ჭამა და ადამიანებზე, გარემოზე ზემოდან დაკვირვება. ავძვრებოდი ხოლმე სკოლის შემდეგ ხეზე და ისე გადიოდა 2-3 საათი, ვერ ვხვდებოდი. ბევრჯერ ისე მომხდარა, რომ უწყინარ და ჩემთვის საინტერესო საქმიანობაში შემთხვევით გაპარული საათების გამო, სახლში ვუცემივარ. კი, დაგვიანების გამო მცემდნენ ხოლმე. ამის გამო, ეს კარგი მოგონებებიც ჩემთვის რთული გასახსენებელია.

ტკბილ-მწარე იყო ბოლო ექსკურსიაც. სანამ ექსკურსიის ამბავს მოვყვები, უნდა ვთქვა, რომ ბაბუაჩემი სვამდა კიდეც. ცხადია, ასევე მცემდა, განსაკუთრებით, როცა ნასვამი იყო. მახსოვს, ძალიან მიხაროდა ექსკურსიაზე წასვლა და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ბაბუაჩემი არ აპირებდა ჩემთან ერთად წამოსვლას. ექსკურსიამ მშვენივრად ჩაიარა და მეც გავერთე, მაგრამ სახლში მისულს ბაბუაჩემი ნასვამი დამხვდა. ეს, ჩემდა საუბედუროდ, ნიშნავდა, რომ ცემაში გამათენებინებდა ღამეს. ეს მოგონებაც, თუთის ხის მსგავსად, თან მიყვარს, მაგრამ, ამასთანავე, მძულს.

რადგან ბაბუაჩემს ფიზიკურად ვერ მოვერეოდი, პროტესტის ნიშნად, ხან ნივთებს ვაფუჭებდი, ხან კედლებს და ხანაც – რას. ირონიულია, რომ ამის გამო ცემას კიდევ უფრო მიმატებდნენ.

თვითგამორკვევა

ჩემი სექსუალობა და იდენტობა ძალიან ადრეულ ასაკში გავიაზრე. დაახლოებით, 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა სკოლაში შევედი და კლასელთაგან ერთ-ორ გოგოს რომ ვუყურებდი, ისე ვწითლდებოდი, როგორც ბიჭები წითლდებიან ხოლმე, როცა გოგოებს უყურებენ ამ ასაკში.

ჩემს სექსუალობაში ბოლომდე პირველი ტელეფონის ქონისას გავერკვიე. ზუსტად კი — 13 წლის ასაკში, როცა დავრწმუნდი, რომ გოგოები მომწონდა. მაგ დრომდე მეგონა, რომ სრულიად მარტო ვიყავი — ერთადერთი "ასეთი". ვფიქრობდი, რომ ავად ვიყავი. შემდეგ სხვადასხვა ინფორმაციას გავეცანი სექსუალობაზე, ბევრი წავიკითხე, ბევრსაც ვუყურე და გააცნობიერე, რომ თურმე "ასეთი" მხოლოდ მე არ ვარ.

17 წლამდე ყველაფერი შედარებით მარტივი იყო. მშვიდად ვმალავდი ჩემს იდენტობას, მაგრამ როცა პირველად შემიყვარდა გოგო, შინაგანად მგლეჯდა ქამინგაუთის სურვილი. მიუხედავად ამისა, ვერა და ვერ გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა. არ ვიყავი მზად. მახსოვს, მხოლოდ, ერთ ჩემს კლასელს ვუთხარი, რადგან ვგრძნობდი, ამ კუთხით ცოტათი მგავდა და ეს უსაფრთხოების განცდას ბადებდა.

დედის მიერ უარყოფა და იძულებითი ქამინაგაუთი

17 წელი ოჯახური ძალადობაში გავატარე. მხოლოდ ამ ასაკის შემდეგ მეღირსა დედასთან ცხოვრება, თუმცა, ჩემი ტკბილ-მწარე მოგონებების მსგავსად, ესეც ვერ გაგრძელდა დიდხანს და არც მთლად კარგად მახსენდება.

მახსოვს, მაშინ უბნის მარკეტში ვმუშაობდი, ღამის სმენაში. დილით საშინლად დაღლილი მივდიოდი ხოლმე დასაძინებლად. ერთ-ერთ ასეთ დღეს, როცა სამუშაოდან დავბრუნდი, დედაჩემმა ისარგებლა მომენტით, ჩემი ტელეფონი აიღო და მიმოწერები წაიკითხა. სწორედ იმ გოგოსთან მიწერილი ნახა, რომელიც პირველად შემიყვარდა. ვფიქრობ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ ვუზიარებდი ჩემს მიმოწერებს, ფეისბუქის პაროლს და ა.შ. მას კი ინტერესი კლავდა, აინტერესებდა, რა ხდებოდა.

იძულებითი ქამინგაუთის შემდეგ, ყველამ გაწყვიტა ჩემთან კონტაქტი. ეს დედაჩემის დამსახურებაა — ყველას უთხრა რა "ავადმყოფი" ვიყავი.

ყველაზე რთული და გარდამტეხი მომენტიც სწორედ ეს იყო. როგორც კი ინტერესი დაიკმაყოფილა, ლოგინიდან ახალჩაძინებული ღრიალით წამომაგდო. მიყვიროდა, შენ ვინ ყოფილხარო. ავადმყოფი, მოდას აყოლილი და სხვა ბევრად უარესი სალანძღავი სიტყვები მეძახა და რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც იძალადა ჩემზე. დამარტყა, რაც ბევრად უფრო მეტკინა და მეწყინა მისი მხრიდან, ვიდრე – ბაბუაჩემის მუდმივი ცემა. მახსოვს, ის ღამე სახლში გავატარე. ვნერვიულობდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. ტირილისგან თვალები დამისივდა. მომდევნო დღეს იძულებული გავხდი, სახლი დამეტოვებინა. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს სახლი ჩემი გამზრდელებთან ჩაბარებისა და ძალადობის ხარჯზეა შეძენილი. დედა მუშაობდა, ბინას არემონტებდა, ერთობოდა, მე კი – ძალადობასა და ბულინგს ვიტანდი ყოველდღე. რადგან ბაბუაჩემს ფიზიკურად ვერ მოვერეოდი, პროტესტის ნიშნად, ხან ნივთებს ვაფუჭებდი, ხან კედლებს და ხანაც – რას. ირონიულია, რომ ამის გამო ცემას კიდევ უფრო მიმატებდნენ.

იძულებითი ქამინგაუთის შემდეგ, ყველამ გაწყვიტა ჩემთან კონტაქტი. ეს დედაჩემის დამსახურებაა – ყველას უთხრა რა "ავადმყოფი" ვიყავი. ამ პერიოდში განსაკუთრებით რთულად მახსენებდა ის ფაქტი, როცა პოლიციაში მომიწია წასვლა, რომ თავშესაფარი მოეცათ. მაშინ სათემო ორგანიზაციებისა და სხვა მხარდამჭერი ჯგუფების არსებობის შესახებ არ ვიცოდი და პოლიციაში წასვლის გარდა, არაფერი დამრჩენოდა. პოლიციას დავუმალე ცემის ფაქტი. თან ვუფრთხილდებოდი დედას, მეშინოდა, ციხეში არ ჩაესვათ. თავშესაფარი რომ მოვითხოვე, მითხრეს, თუ შემაკავებელ ორდერს არ გააფორმებ, ისე ვერ გადაგიყვანთო.

ქვიარ ადამიანებისთვის გარშემომყოფების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. დედას ჩემთვის ხელი რომ არ ეკრა, მოესმინა და გაეგო, მე არ მომიწევდა იმ რთული პერიოდის გამოვლა, რომელიც გამოვიარე. ჰომოფობიის გამო, ქვეყანა კარგავს ბევრ განათლებულ, კრეატიულად მოაზროვნე და ნათელი მომავლის მქონე ადამიანს, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ეს 90-იანებს მიახლოებული ქვეყანა.

ქვიარ ურთიერთობების სიძნელეები

ქვიარ ადამიანებისთვის ურთიერთობების აწყობა საქართველოში რთულია, რადგან თემშიც იგრძნობა სიბნელე. უაზრო ჩარჩოები და სტერეოტიპები არსებობს. მაგალითად, თურმე "თომბოი" სტილის გოგოს თუ თავისივე სტილის იზიდავს და არა ფემინური, ტეხავს და მიუღებელია. ასევე, თუ "თომბოი" გოგო კაბას ჩაიცვამს, ისე დასცინიან, თითქოს ჰეტეროსექსუალ "ძველ ტიპს" ჩააცვეს კაბა, რაც არასწორია.

მე ორჯერ მიყვარდა და ორივეჯერ გული გამიტყდა. ურთიერთობის წამოწყების რამდენიმე სხვა მცდელობაც მქონდა, მაგრამ ვხედავდი, რომ არ იყვნენ ისინი ჩემი ადამიანები და ვიშლებოდით ხოლმე.

ამჟამად უსაფრთხოდ აღარსად ვგრძნობ თავს. მათ შორის, აღარც სახლში. მიუხედავად ამისა, ტკივილმა და სირთულეებმა გამაძლიერა. რაც შეეხება სისუსტეებს, მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას ვიხსნი ხოლმე "აბჯარს".

საზოგადოების მიერ ქვიარ ადამიანების მიღებისთვის მზაობის აუცილებლობა

ჩემი აზრით, სამწუხაროდ, პროგრესის ნაცვლად უკან მივდივართ. საზოგადოება ვერ ან არ იგებს სწორად თემის წევრების ქამინაგუთს და არ ცდილობს გაუგოს მათ.

ისეთ ადგილას ვიცხოვრებდი, სადაც ჩემი იდენტობისა და სექსუალობის გაგებისას კითხვები არ გაუჩნდებოდათ და ისე ჩვეულებრივად მიმიღებდნენ, როგორც ჰეტეროსექსუალებს იღებენ.

მათ, ვინც ახლა გადის იმ ლაბირინთს, რომელსაც თვითგამორკვევა ჰქვია, ვურჩევდი, რომ ინტერნეტში ჩაძვრნენ. არის არაერთი კარგი გვერდი, რომელზეც მათთვის გამოსადეგ ინფორმაციაზე საუბრობენ. ასევე, ვურჩევდი, რომ არ ენდონ ყველა "მეგობარს" და არც ოჯახს დაელაპარაკონ ნაჩქარევად . ყოველთვის არსებობს ქუჩაში დარჩენის რისკი და ეს რისკები თავიდანვე სწორად უნდა შეფასდეს.

ქართული ქვიარ აქტივისტი არის წამებული, რომელსაც უმეტესობა არ უსმენს, რადგან ზიზღით სავსენი არიან. ქართული ქვიარ აქტივისტი ის ექიმია, რომელიც ცდილობს ტვინამოკვეთილ და თვალებდათხრილ ადამიანს აზროვნება და ხედვა ასწავლოს.

გეგმები მომავლისთვის და რჩევები საზოგადოებას

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ემიგრაციაში წასვლას ვგეგმავ. ვიცი, რომ აქ მომავალი არ მაქვს. ყოველ ნაბიჯზე ზიზღი და მიუღებლობაა, რასაც ზოგი ქვიარისთვის სიკვდილიც მოაქვს. საზღვარგარეთ, ვფიქრობ, შანსი მაქვს არამხოლოდ ვიარსებო, არამედ სრულფასოვნად ვიცხოვრო და ჩემი გეგმები განვახორციელო.

ვფიქრობ, გაუჩერებელი შრომის პირობებში, 10 წლის შემდეგ, არ ვიქნები ცუდი პროფესიის მქონე ადამიანი, რომელიც პატარა, მყუდრო ბინას იყიდის ხმაურიან ქალაქში და მშვიდად იცხოვრებს. ესაა ჩემი გეგმა. ოცნებები არ მაქვს, რადგან, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რეალისტი ვარ. უფრო გეგმები მაქვს კარიერული განვითარების მხრივ.

მატერიალური ზიანია, როცა, წესით, სახლი გაქვს და ქირით ცხოვრება გიწევს, რომ ჭერი იქონიო. ფიზიკური ზიანი კი, მადლობა ღმერთს, ოჯახთან განშორების შემდეგ აღარ მიმიღია და ფსიქოლოგიური ზიანთან გამკლავება თითქმის ყველას უწევს. მთავარია, არ დავნებდეთ.

გამოსავალს ისევ ხალხში ვხედავ. მათ უნდა მოინდომონ იმ წუმპიდან ამოსვლა, რომელშიც არიან. ნაკლები ყურადღება მიაქციონ ბრბოს აზრებს და თავიანთი შვილები მიიღონ. რაც უფრო მეტი მოხდება მსგავსი პრეცედენტი, მით უფრო დალაგდება ყველაფერი ეტაპობრივად.

მგონია, მხოლოდ ქვიარები ვერაფერს გავხდებით, სანამ საზოგადოება არ შეწყვეტს მანიპულატორი ეკლესიის ფრთის ქვეშ შეფარებას და მხოლოდ მის მოსმენას, სანამ არ გაიაზრებს, რომ ლესბოსელი, ტრანსგენდერი და გეი, რომლებსაც კლავენ ან ავიწროებენ, ადამიანია, ვიღაცის შვილია და მხარდაჭერა სჭირდება, როგორც როგორც სრულფასოვან ადამიანსა და როგორც მომავალს.