რობოტი ძაღლი კედლებზე გადაადგილდება — ვიდეო
ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე ინსტიტუტის მკვლევრებმა შექმნეს ოთხფეხა რობოტი, რომელსაც შეუძლია რკინისა და ფოლადის კედლებსა და ჭერზე ასვლა. მკვლევრებმა მას MARVEL-ი (Magnetically Adhesive Robot for Versatile and Expeditious Locomotion) უწოდეს და იგი, დაახლოებით, 8 კგ-ს იწონის.
აღსანიშნავია, რომ MARVEL-ი არ არის პირველი რობოტი, რომელსაც შეუძლია კედელზე ასვლა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ის იყენებს მაგნიტურ ფეხებს და არა ბორბლებს, სამაგრებსა და სხვას.
მისი დიზაინერების თქმით, რობოტი ასევე ძალიან მოხერხებულია და ოსტატურად მოძრაობს მრუდე ზედაპირებზე, როგორიცაა დაჟანგული ლითონის საცავის ავზი. ამას იგი, ნაწილობრივ, მისი ინოვაციური ფეხების წყალობით ახერხებს, რომლებიც იყენებს ელექტრომაგნიტებსა და რეზინის მსგავს ჭკვიან მასალას, რომელიც ცნობილია მაგნიტორჰეოლოგიური ელასტომერის სახელით.
რობოტის ეს უნარი, შემქმნელების თქმით, მას ძალიან მოთხოვნადს გახდის, რადგან MARVEL-ს აქვს პოტენციალი, გამოიყენონ ინდუსტრიულ გარემოში ხიდების, გემებისა და შენობების შესამოწმებლად, განსაკუთრებით, მაღალ ადგილებზე, რომლებიც საშიშია ადამიანისთვის.
რობოტი, ყველაფერთან ერთად, სწრაფიცაა. მან შეძლო ასვლა მრუდე საცავის ავზზე 30 სმ/წმ სიჩქარით, თანაც ისე, რომ აირიდა ამობურცული ადგილები და სხვა დაბრკოლებები. უფრო ადვილად გადასაადგილებელ ზედაპირზე, მაგალითად, ბრტყელ კედლებზე ან ჭერზე, რობოტმა 49 სმ/წმ სიჩქარე განავითარა. მკვლევრების თქმით, რობოტი ძაღლების შემთხვევაში, ვერტიკალური და ამობრუნებული სიარულის ეს სიჩქარე, ჯერჯერობით, ყველაზე მაღალია.
თუმცა, მისი შემქმნელები იმასაც აღნიშნავენ, რომ MARVEL-ს ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა, რომ უკეთ გაუმკლავდეს არარეგულარულ ან მკვეთრად მოხრილ ზედაპირებს. მაგრამ რობო-ძაღლის ასე დახვეწა, რომ მან მოხრილ და ირეგულარულ ზედაპირზე გავლა შეძლოს, უკვე დიდი მიღწევაა.
კომენტარები