მასკი Mastodon-ს ომს უცხადებს — Twitter-მა კონკურენტის ანგარიში დაბლოკა
Twitter თავის მომხმარებლებს Mastodon-ის ძირითადი სერვერების ბმულების გადაზიარების შესაძლებლობას უბლოკავს. ეს აკრძალვა 15 დეკემბერს გააქტიურდა, როცა უეცრად პლატფორმაზე არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტისა და თავად Mastodon-ის ანგარიშიც დაიბლოკა.
თუ შეეცდებით, სოციალურ ქსელში Mastodon-ის რომელიმე სერვერზე გადასასვლელი ლინკი გააზიაროთ, მოგივათ შეტყობინება, რომ თქვენი მოთხოვნა ვერ შესრულდება, რადგან Twitter და მისი პარტნიორები ამ ბმულს საფრთხისშემცველად თვლიან. The Verge-ის მიხედვით, ამ ეტაპზე აკრძალვა ეხება mastodon.social-სა და 10-ზე მეტ სხვა დომენს.
ასევე იხილეთ: Twitter-ს ალტერნატივა გამოუჩნდა — რა არის Mastodon?
Mastodon-ის ანგარიშის შეზღუდვა, გავრცელებული ინფორმაციით, @ElonJet-ის საქმეს უკავშირდება. ანგარიშის, რომელიც Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, კერძო თვითმფრინავს უთვალთვალებს. 14 დეკემბერს ანგარიში @Elonjet სოციალურ პლატფორმაზე დაიბლოკა, მალევე კი იგივე შეემთხვა მისი შემქმნელის პერსონალურ Twitter ანგარიშსაც. სოციალურმა ქსელმა შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც, იკრძალება სხვა ადამიანის მიმდინარე ლოკაციის საჯაროდ გაზიარება.
Twitter-ს საკითხის ირგვლივ კომენტარი არ გაუკეთებია, კომპანიას ამჟამად პრესცენტრი არც ჰყავს, რადგან მისი ყველა თანამშრომელი მასკმა სოციალური ქსელის შეძენის შემდეგ დაითხოვა. სიახლეები ჯერ არც Mastodon-ისგან გვსმენია.
კომენტარები