იცხოვრე შენი ცხოვრებით — ყველაფერი m2-ის განახლებულ სლოგანზე და არა მარტო
თავისუფლება, განვითარება, ზრუნვა, ინოვაცია — ეს m2-ის მთავარი ღირებულებებია, კომპანიის, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე მაღალ სტანდარტებს აწესებს და რომელმაც ახლახან განახლებული ბრენდის პლატფორმა წარადგინა. ჩვენ m2-ის ახალ სლოგანზე, ლოგოსა და ღირებულებებზე ირინა დუმბაძეს, ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
m2 15 წლისაა. წამყვანი დეველოპერული კომპანიის გზავნილი ამ დრომდე "იცხოვრე უკეთესად" იყო და იგი ასახავდა მის საქმიანობასა და გამორჩეულ ადგილს უძრავი ქონების ინდუსტრიაში. სწორედ ამ თხუთმეტ წელში შექმნა m2-მა უკეთესი ცხოვრების სტანდარტი და სექტორში ნდობა განამტკიცა.
როგორც მისი ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვიამბობს, ძველი სლოგანის შინაარსი m2-ის პრაქტიკულ საქმიანობასა და პროდუქტებში კარგად გამოიხატებოდა, თუმცა, თანდათან კომპანიის მიდგომები გაფართოვდა და მის ფილოსოფიას ახალი გზავნილი — "იცხოვრე შენი ცხოვრებით" კიდევ უფრო ზუსტად მოერგო.
"ბოლო პერიოდში კომპანია განსხვავებული მისიით ოპერირებს. განვითარდა მისი მომხმარებელი, რომლებსაც გაუჩნდათ ახალი მოთხოვნილებები და საჭიროებები, ამიტომ დავიწყეთ კვლევა, თუ რა აბედნიერებდათ, რის დეფიციტს განიცდიდნენ ისინი. სწორედ ამ კვლევისას მივედით ერთ მნიშვნელოვან მიგნებამდე — სეგმენტი, რომლებისთვისაც m2-ის პროდუქტები იქმნება, კარიერის, შემოქმედების თუ ბიზნესსაქმიანობის კუთხით წარმატებულ ადამიანებს აერთიანებს, ისინი ვითარდებიან, მიიწევენ წინ, თუმცა, ამასთან, აქვთ დეფიციტი, იცხოვრონ თავისი ცხოვრებით, იყვნენ მეტად კონცენტრირებული საკუთარ თავზე", — გვიამბობს ირინა დუმბაძე.
სწორედ ასე მივიდა m2 ახალ სლოგანამდე — იცხოვრე შენი ცხოვრებით.
პრაგმატულ შინაარსთან ერთად, სწორედ ამ ქვეცნობიერ პროცესებსაც ასახავს ახალი გზავნილი.
კომპანია კი მუდმივად გამოხატავს მხარდაჭერას, რათა შენი ცხოვრებით ცხოვრება შეძლო — იგი ქმნის სივრცეებს, რომლებიც აკავშირებს ადამიანებს საკუთარ თავთან, ოჯახთან თუ თანამოაზრეებთან.
"ჩვენი მომხმარებლები ამბობენ, რომ მათი სახლი ეზოდან იწყება, ამიტომ ვავითარებთ ისეთ სივრცეებს, სადაც საკუთარი თავის პოვნა შეგიძლია — ეს შეიძლება იყოს 39 მ2 ფართობის ბინა, სადაც დამოუკიდებლად, იზოლირებულად იცხოვრებ, ან უფრო დიდი სახლი, რომელშიც ოჯახურ სიმყუდროვეს მოაწყობ", — ამბობს ირინა დუმბაძე და განმარტავს, რომ m2 მომხმარებლებს უწევს მუდმივ მომსახურებას და ქმნის გამორჩეულ ინფრასტრუქტურას — მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს, რომლებიც ადამიანებს საკუთარი ინტერესების, ცხოვრების სტილის გამოხატვაში ეხმარება.
საგულისხმოა, რომ ამ პროცესის გაგრძელება იქნება აპლიკაციაც, რომლის მეშვეობით მალე მაცხოვრებლები შეძლებენ, უამრავი საყოფაცხოვრებო საკითხი ერთი "კლიკით" მოაგვარონ, რაც ასევე მისცემს მათ მეტ დროსა და შესაძლებლობას, იყვნენ საკუთარ თავზე კონცენტრირებული.
ბრენდის სხვა ღირებულებებს შორისაა ზრუნვა, სწრაფვა განვითარებისადმი, ინოვაცია, რაც მომხმარებლებისადმი დამოკიდებულებაში, სექტორის განვითარებისა და ნდობის ამაღლების საკითხში, სამშენებლო, ეკოლოგიური თუ სხვა სტანდარტების დანერგვაში გამოიხატება.
"ამ ღირებულებებს კი მაშინ აქვს აზრი, როცა ისინი პრაქტიკაშიც ვლინდება, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ისინი ასახული იყოს ჩვენს პროექტებში თუ შიდა კორპორაციულ კულტურაში. ეს ხანგრძლივი პროცესის ნაწილია და დაპირება ყველა ნაბიჯზე იქნება შესრულებული", — აღნიშნავს ირინა დუმბაძე.
ბრენდის პლატფორმის განახლებამდე m2-მა მრავალი მიმართულებით ჩაატარა კვლევა. იკვლია არსებული და პოტენციური მომხმარებლები სხვადასხვა ჭრილში, ბაზარი და თანამშრომლების დამოკიდებულებებიც კი. შედეგად დაიხვეწა არა მხოლოდ სლოგანი, არამედ — ლოგოც.
"ჩვენ ერთგვარ რეპოზიციონირებას ვაკეთებთ — ვაუმჯობესებთ დაპირებას, შესაბამისად, იგივე მიდგომა გვაქვს ლოგოსთან მიმართებითაც. ლოგო აქამდე კვადრატში იყო ჩასმული და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ღირებულება თავისუფლებაა, იგი ერთგვარად ჩარჩოებიდან გავათავისუფლეთ. მინიმალური ცვლილებებით დაიხვეწა მისი ვიზუალური მხარე, მოვარგეთ იგი თანამედროვე სტილს, შემოვიტანეთ უფრო მკაფიო და დინამიკური, სიცოცხლით სავსე ფერი, თუმცა რადგან ეს ლოგო ბრენდის მაღალი კაპიტალის გამოხატულებაა, დავუტოვეთ ინდივიდუალიზმი", — ამბობს ირინა დუმბაძე.
აღსანიშნავია, რომ ლოგოზე ცნობილმა დიზაინერმა, გიორგი ბოხუამ იმუშავა.
ბრენდის განახლებას საიმიჯო რეკლამაც მოჰყვა, რომელიც კრეატიულმა სააგენტომ, JWT მეტრომ შექმნა.
"ვიდეორგოლი ერთგვარი მანიფესტაციაა იმისა, რომ ყველანი ინდივიდუალურები ვართ; თუ როგორ შეგვიძლია გამოვხატავდეთ ჩვენს თავს სახლში და რომ აქ მაქსიმალურად უნდა იყოს შემოტანილი შენი სტილი, ხასიათი და სურვილები. ვიდეო მოგიწოდებს, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც არავინ, ჩვენი ცხოვრებით - რომელიც საინტერესო არის სწორედ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენია“ — განმარტავს ირინა.
m2 — კომპანია, რომელმაც გასულ წლებში ბაზრის განმავითარებელი როლი ითამაშა, მომავალშიც გააგრძელებს სიახლეების დანერგვას და მაღალი სტანდარტების ერთგულებას. ახალი დანაპირები კი — "იცხოვრე შენი ცხოვრებით" — ამიერიდან მის ყველა ქმედებასა თუ პროექტში გამოვლინდება.
კომენტარები