რამ მოკლა ბრიუს ლი? — ახალი ჰიპოთეზა
საბრძოლო ხელოვნების, კუნგ-ფუს ჩინელი ოსტატი და ცნობილი მსახიობი ბრიუს ლი 1973 წლის 20 ივლისს მოულოდნელად დაიღუპა, როცა სულ რაღაც 32 წლის იყო. ახალი კვლევის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, ზედმეტად ბევრი წყლის მიღება გამხდარიყო.
მართალია, ეს ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ჰიპოთეზაა, მაგრამ არის მასში რაღაც ირონიული კაცისთვის, რომლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზა გახლდათ: "იყავი წყალი, მეგობარო".
დასკვნამდე მისასვლელად მეცნიერებმა ბრიუს ლის სიკვდილთან დაკავშირებული ფაქტების მოძიება და ანალიზი გადაწყვიტეს. მაგალითად, ცნობილია, რომ მსახიობს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდა მას შემდეგ, რაც კანაფი მოწია და წყალი დალია. მან ტკივილგამაყუჩებელი მიიღო, თუმცა 2 საათში უკვე უგონო მდგომარეობაში იყო.
ავტოფსიამ აჩვენა, რომ მისი ტვინი 1 575 გრამს იწონიდა, ანუ საშუალო 1 400 გრამზე ბევრად მეტს. დადგინდა, რომ იქ სითხე იყო დაგროვებული, რაც ტკივილგამაყუჩებელზე ორგანიზმის რეაქციას მიაწერეს.
ამის მიუხედავად, ავტორები ამბობენ, რომ ტვინის შეშუპებაზე მიმანიშნებელი სიმპტომები, კერძოდ, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი ბრიუს ლის წამლის დალევამდე აწუხებდა.
"საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ სიკვდილის მიზეზი ჰიპონატრემიით გამოწვეული ცერებრალური ედემა იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ვარაუდით, ბრიუს ლი ემსხვერპლა თირკმლის პრობლემას, რომლის გამოც ის ზედმეტ წყალს ვერ გამოყოფდა", — წერენ ავტორები.
ჰიპონატრემია მაშინ ვითარდება, როცა მიღებული სითხის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თირკმლების მეშვეობით მისი სისხლისგან გამოყოფა ვერ ხერხდება. მეცნიერების თქმით, ბრიუს ლის შემთხვევაში ამისთვის ხელი შესაძლოა. რამდენიმე რისკ-ფაქტორს შეეწყო.
მაგალითად, მსახიობის ცოლისა და ფიზიოლოგების თქმით, ის მყარ საკვებს აღარ ჭამდა, არამედ მხოლოდ სტაფილოსა და ვაშლის წვენს სვამდა. ასევე, შარდმდენ პრეპარატებს იღებდა, რათა ორგანიზმიდან ნატრიუმი გამოედევნა და ამ გზით კუნთები უფრო მეტად გამოეკვეთა. დამატებით, საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა სიცოცხლის ბოლო თვეებში დღეში 10-20 ბოთლი საკეს სმა დაიწყო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, ბრიუს ლის სიკვდილამდე 2 თვით ადრე ცერებრალური ედემა განუვითარდა, როცა აღებინა და გონება დაკარგა. თუმცა, ის მდგომარეობიდან გამოვიდა, ექიმებს კი ეს დიაგნოზი არ დაუსვამთ.
ავტორების თქმით, ამგვარი უეცარი ავადობა მიანიშნებდა, რა ელოდა მას სულ რამდენიმე კვირაში. მათი ნაშრომი გამოცემაში Clinical Kidney Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები