ფოტოგრაფმა "მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა" დააფიქსირა — ფოტო
ეს ობობა არაქნოფობებსაც შეიძლება მოეწონოთ.
მოყვარულმა ფოტოგრაფმა ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირა. ობობას სიგრძე 0,75 სმ-ია, ხოლო სიგანე — 0,3 სმ.
ამ ფეხსახსრიანს თავისი მრავალფეროვნების გამო, რომელიც ვარდისფერს, ლურჯს, იისფერს, წითელსა და ნარინჯისფერს მოიცავს, ხშირად "ფარშევანგ ობობადაც" მოიხსენიებენ ხოლმე.
31 წლის ფოტოგრაფმა პავან თავრეკერემ ობობა ბანგალორში (ინდოეთი) დააფიქსირა და, როგორც თავად აღნიშნავს, მისი დანახვით გაოგნებული იყო.
"ციცქნა ცხოველს ლამაზი ფერები ჰქონდა და ერთ ადგილზე 3 წამზე მეტხანს არ ჩერდებოდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რამდენიმე სურათი აუცილებლად უნდა გადამეღო ობობების ფანებისთვის", — აღნიშნა ფოტოგრაფმა.
პავანის თქმით, ობობას ფოტოებს 20 წუთის განმავლობაში უღებდა. ყველაზე დიდ სირთულეს კი ის წარმოადგენდა, რომ ობობა ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ობობას იშვიათად ამჩნევენ, ამ რეგიონში თებერვლიდან აპრილამდე ისინი საკმაოდ გავრცელებულები არიან.
კომენტარები