ასტრონომებმა შავი ხვრელის მიერ გამოტყორცნილი კოსმოსური ნეიტრინოები დააფიქსირეს
დედამიწის სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიდის ყინულის ქვეშ განთავსებულმა ობსერვატორიამ, რომელიც IceCube-ის სახელითაა ცნობილი, შორეული გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის მიერ გამოტყორცნილი კოსმოსური ნეიტრინოები დააფიქსირა.
ნეიტრინოები საკმაოდ უცნაური ელემენტარული ნაწილაკებია, რომლებიც ყველგანაა, მაგრამ დანარჩენ მატერიასთან მყარ ურთიერთქმედებაში არაა. ამას მათი მცირე მასა და ელექტრული მუხტის არქონა განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ნეიტრინოების კვალის პოვნა ძალზე რთულია. სამაგიეროდ, ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, მათი მოძრაობა შეუფერხებელია, რაც ნიშნავს, რომ სივრცეში გადაადგილებისას მსგავსი ნაწილაკი ერთ კონკრეტულ გზას მიჰყვება და იქიდან რაიმეს გავლენის შედეგად არ უხვევს, რაც ასტრონომებს საქმეს შედარებით უმარტივებს.
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა სწორედ ასეთ ნაწილაკთა ნაკადი დააფიქსირა, რომლის წყაროც ჩვენგან 47 მილიონი სინათლის წლით დაშორებული სპირალური გალაქტიკა NGC 1086 გახლავთ. ის ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომს ჰგავს, თუმცა ვარსკვლავებს უფრო აქტიურად წარმოქმნის, მის ცენტრში კი უზარმაზარი შავი ხვრელია განლაგებული.
ეს შავი ხვრელი დიდი ოდენობით მატერიას შთანთქავს და გალაქტიკის კაშკაშა ბირთვს ქმნის, რომლის სინათლეც ვარსკვლავებს ჩრდილავს, რადგან იქიდან მაღალენერგიული ნაკადები გამოიყოფა. ამის მიუხედავად, ჩვენი პერსპექტივიდან აღნიშნული შავი ხვრელი მტვერშია გახვეული, თუმცა ნეიტრინოებს ამ დაბრკოლების გადალახვა და დედამიწამდე შეუყოვნებლად მოღწევა შეუძლია.
"შავი ხვრელის მიერ გამოტყორცნილ ნეიტრინოებზე დაკვირვებით გალაქტიკის შიგნით ნაწილაკთა აჩქარებასა და წარმოქმნაზე მეტის გაგების საშუალება გვეძლევა, რაც აქამდე შეუძლებელი იყო, რადგან სხვაგვარი მაღალენერგიული გამოსხივება მას თავს ვერ აღწევს", — ამბობენ ავტორები.
უნდა ითქვას, რომ NGC 1068 ჩვენ მიერ დაფიქსირებული კოსმოსური ნეიტრინოების მხოლოდ მეორე წყაროა. პირველი TXS 0506+056-ად წოდებული გალაქტიკა იყო, რომელიც ჩვენგან ბევრად შორსაა, თუმცა მატერიას თითქმის სინათლის სიჩქარით გამოყოფს.
რაც შეეხება IceCube-ს, ის 1.5 -2.5 კილომეტრ სიღრმეზე განთავსებული 5 000 დეტექტორისგან შედგება. მისი მეშვეობით ყინულის მოლეკულების ატომურ ბირთვთან ნეიტრინოების შეჯახებისას ფორმირებული ლურჯი ანთებების დაფიქსირებაა შესაძლებელი.
"მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ნეიტრინოებს ძალუძს, ყველაზე ენერგიული ობიექტების მტვრით მოცული ბირთვის გამოვლენა. IceCube-მა NGC 1068-სგან მომავალი მხოლოდ 80 ასეთი ნაწილაკი შეაგროვა, რაც ჯერჯერობით კითხვებზე პასუხის გასაცემად საკმარისი არაა, მაგრამ ეს ნეიტრინოების ასტრონომიაში გადადგმული დიდი ნაბიჯია", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები