მეცნიერებმა უხარისხო ძილსა და გლაუკომას შორის კავშირი გამოავლინეს — კვლევა
მიგნებებით იკვეთება ისიც, რომ გლაუკომის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს ძილის თერაპია ესაჭიროებათ, ძილის აშლილობების მქონე ადამიანებს კი — თვალების შემოწმება.
შესაძლოა, ძილის გადამეტება ანდა ნაკლებობა, ხვრინვა, მოთენთილობა და უძილობა გლაუკომის რისკს ზრდიდეს. ათწლიანი კვლევა, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს 400 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ჟურნალში BMJ Open გამოქვეყნდა.
გლაუკომა ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედების პროგრესირებადი კარგვა და ოპტიკური ნერვის დაზიანება ახასიათებს. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა, ამან მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ მისი გამომწვევი მიზეზები ძირფესვიანად შესწავლილი ჯერაც არაა.
უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ უხარისხო ძილს აზროვნებაზე, განწყობაზე, ასევე ინფორმაციის დასწავლასა და შენარჩუნებაზე უარყოფითი გავლენა აქვს. ამ შემთხვევაში მკვლევრები, კერძოდ, უხარისხო ძილის გრძელვადიან გავლენაზე ფოკუსირდნენ და ამ კუთხით პირველი პროსპექტული კოჰორტული კვლევა ჩაატარეს, რათა ძილთან დაკავშირებული ქცევები და გლაუკომა საფუძვლიანად შეესწავლათ.
ასევე იხილეთ: სიცოცხლის ხანგრძლივობას ყველაზე მეტად ძილის ხარისხი განსაზღვრავს — კვლევა
მეცნიერებმა UK Biobank კვლევაში მონაწილე 409 053 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათ გლაუკომის რისკი ძილის სხვადასხვა ყაიდის მქონე ადამიანებში შეაფასეს, რომელთა შორის იყვნენ: უძილობის პრობლემის მქონენი; ისინი, ვისაც ზედმეტად ანდა არასაკმარისად ეძინათ; დილით ადრე გაღვიძების ან ღამით გვიან დაძინების მოყვარულები; ისინი, ვისაც დღის საათებში მოთენთილობა ახასიათებდათ; ისინი, ვინც ხვრინავდნენ.
ძილის ნორმალურ ხანგრძლივობად 7-9 საათის განმავლობაში ძილი მიიჩნიეს, ამ შუალედს მიღმა ყველა მაჩვენებელი კი — ზედმეტად ანდა ცოტად. პიროვნების ქრონოტიპი იმის მიხედვით განსაზღვრეს, თუ როგორ ახასიათებდა თავს პიროვნება: ადრე ადგომის მოყვარული უფრო გახლდათ ის თუ გვიან დაძინების.
2006-იდან 2010 წლამდე 40-69 წლამდე ასაკის ადამიანები შეკრიბეს და 2021 წლის მარტამდე აკვირდებოდნენ, რათა გაერკვიათ, დაესმებოდათ თუ არა მათ გლაუკომის დიაგნოზი. მათი ძილის ყაიდასთან დაკავშირებული მონაცემები მაშინ შეგროვდა, როდესაც კვლევას შეუერთდნენ.
ცდისპირებს საშუალოდ 11 წლის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს, ამ დროის განმავლობაში კი გლაუკომის 8 690 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორ BMJ Open-ში ვკითხულობთ, ქრონოტიპების გარდა, გლაუკომის განვითარების გაზრდილ რისკს სხვადასხვა ხარისხით ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ქცევა თუ ჩვევა უკავშირდებოდა.
"გლაუკომის რისკს, ერთად თუ ცალ-ცალკე, ყველა ფაქტორი უკავშირდება: ხვრინვა, მოთენთილობა დღისით, უძილობა და ძილის მოკლე/დიდი ხანგრძლივობა", — ასკვნის მკვლევართა გუნდი.
მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მათგან განსხვავებით, ვისაც ჯანსაღად ეძინა, ხვრინვისა და დღის საათებში მოთენთილობის პრობლემის მქონე ადამიანებს გლაუკომის რისკი 11%-ით ჰქონდათ გაზრდილი. მეორე მხრივ, ინსომნია და ზედმეტად ბევრი/ცოტა ძილი 13%-ით მაღალ რისკთან ასოცირდებოდა.
კვლევა დაკვირვებითი ხასიათისა იყო, ამიტომაც მიზეზშედეგობრივი კავშირის გამოყოფა შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ ობიექტური საზომების ნაცვლად იგი ნაწილობრივ მონაწილეთა მონათხრობს დაეყრდნო. ამასთანავე, კვლევის ავტორთა განცხადებით, შესაძლოა, თავად გლაუკომა ზემოქმედებდეს ძილის ყაიდაზე და არა პირიქით.
მკვლევრების თქმით, არსებობს რამდენიმე ბიოლოგიური მოვლენა, რომელმაც, შესაძლოა, უხარისხო ძილისა და გლაუკომის კავშირი ახსნას. მაგალითად: თვალის შიდა წნევა (გლაუკომის განვითარების საკვანძო ფაქტორი) იწევს, როდესაც ადამიანი წვება, ძილის ჰორმონების გამოყოფა კი დარღვეულია, როგორც ინსომნიისას ხდება.
შესაძლოა, თვალშიდა წნევა დეპრესიამ და შფოთვამაც გაზარდოს, რომლებიც უძილობას ხშირად უკავშირდება. ანალოგიურად, ძილის დროს სუნთქვის უცაბედად შეწყვეტამ ოპტიკურ ნერვს პირდაპირი ზიანი შეიძლება მიაყენოს.
მეცნიერების თქმით, კვლევა ძილის ჯანსაღი ყაიდის კრიტიკულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მიგნებებით იკვეთება ისიც, რომ გლაუკომის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს ძილის თერაპია ესაჭიროებათ, ძილის აშლილობების მქონე ადამიანებს კი — თვალების შემოწმება, რათა დაავადების ადრეული ნიშნები უყურადღებოდ არ დარჩეს.
კომენტარები