რა ბედი ეწია აინშტაინის ტვინს და სად არის ის ახლა?
1955 წლის 18 აპრილს 76 წლის ალბერტ აინშტაინი მუცლის აორტის ანევრიზმამ იმსხვერპლა. იგი, კერძოდ, პრინსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (პლაინსბორო, ნიუ-ჯერსი) მოკვდა. როგორც ლეგენდარულმა ფიზიკოსმა ისურვა, მის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს, ფერფლი კი გასაიდუმლოებულ ადგილას მიმოფანტეს.
მიუხედავად ამისა და გენიოსის სურვილისა, ფერფლად სხეულის ერთი ნაწილი არ ქცეულა — ტვინი.
თომას შტოლც ჰარვიმ — პრინსტონის პათოლოგმა, რომელიც აინშტაინის ავტოფსიას ზედამხედველობდა — ალბერტ აინშტაინის სიკვდილისთანავე მის სხეულს ტვინი მოაშორა, 240 კუბად დაჭრა და დაკონსერვებული ნაწილების უმრავლესობას მომდევნო 40 წლის განმავლობაში პირადი საკუთრების სახით ინახავდა.
BBC-ის მიხედვით, პრინსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრს 170 ბლოკი უკვე დაუბრუნდა, სადაც მათ საგულდაგულოდ იცავენ; ტვინის ქსოვილის 46 ულტრათხელ ნაწილს მუტერის სამედიცინო ისტორიის მუზეუმში (ფილადელფია) შეხვდებით, ბევრი სხვა ნაწილი კი კვლავაც დაკარგულია.
ჩნდება კითხა: როგორ შეიძლება, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტვინის ამდენი ნაწილი ასე უბრალოდ გაუჩინარებულიყო? ამაზე პასუხი პრინსტონის პათოლოგის ქმედებებში უნდა ვეძიოთ.
ჰარვისა და სხვებს სჯეროდათ, რომ აინშტაინის ტვინში რაღაც ფიზიკურად უჩვეულოს უნდა ჰქონოდა ადგილი და ფიქრობდნენ, რომ შესაბამისი სამეცნიერო ანალიზით მეცნიერის გენიალურობაც აიხსნებოდა.
მას შემდეგ, რაც 1955 წელს ჰარვიმ აინშტაინს ტვინი მოაშორა და კუბებად დაანაწევრა (აქამდე მან მთლიან ტვინს ფოტოსურათებიც გადაუღო სხვადასხვა კუთხიდან), ზოგიერთი ბლოკი 200 ულტრათხელი ნაჭრისაგან შემდგარ 12 წყებად დააჭრევინა. თითოეული ეს ნაწილი ადამიანის თმის სიგანის ნახევარზე მეტი არ ყოფილა.
ჰარვიმ ფიზიკოსის ტვინის ნაჭრები სასაგნე მინებში აინშტაინის ოჯახის ნებართვის გარეშე მოათავსა და მეცნიერებს (მათი რაოდენობა დაუდგენელია) გაუზიარა. პათოლოგს იმედი ჰქონდა, რომ ისინი გენიოსის ტვინის საიდუმლოებების ამოხსნას შეძლებდნენ. Science-ის მიხედვით, ჰარვიმ ბევრი ნიმუში პირადად გადაზიდა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე, ტვინის დარჩენილ ნაწილს კი მანქანაში ინახავდა, კერძოდ, მუყაოს ყუთში მოთავსებულ ქილაში.
ამის შემდეგ მეცნიერმა დარჩენილი კუბები რამდენიმე ქილაში გადაანაწილა და სახლში გადმოიტანა. ჰარვი დაინტერესებული მკვლევრებისათვის ტვინის სინჯების გაზიარებას განაგრძობდა, ამავდროულად კი მის დიდ ნაწილს 1998 წლამდე ინახავდა. სწორედ მაშინ დააბრუნა მეცნიერმა ნიმუშები პრინსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში — აინშტაინის თავიდან ამოღებიდან 43 წლის შემდეგ.
BBC-ის მიხედვით, დღესდღეობით მეცნიერები გენიოსის ტვინის დათვალიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი პრინსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრს მეტად დამაჯერებელი თხოვნით მიმართავენ.
შეიძლება ითქვას, რომ ჰარვის ამ მცდელობებმა შედეგი გარკვეულწილად გამოიღო. მის მიერ გავრცელებული ფოტოსურათებისა და ნიმუშების შესახებ რამდენიმე ნაშრომი გამოქვეყნდა, პირველი — 1985 წელს.
ზემოხსენებული კვლევების ფარგლებში მეცნიერებმა აინშტაინისა და საკონტროლო ჯგუფის არაგენიოს ტვინებს შორის უმნიშვნელო განსხვავებები შენიშნეს. მაგალითად, ფიზიკოსს შუბლის წილში (ტვინის ის ნაწილი, რომელიც სამუშაო მეხსიერებასა და დაგეგმვას უკავშირდება) დამატებითი ღარი ჰქონდა. ამასთანავე, ზოგიერთ არეში უფრო დიდი რაოდენობით იყო ნეირონები თავმოყრილი, რაც, სავარაუდოდ, მას ინფორმაციის უფრო სწრაფად დამუშავების საშუალებას აძლევდა.
იმ მკვლევართა უმრავლესობამ, რომლებსაც ჰარვიმ ტვინის ნაწილები მისცა, ისინი დააბრუნეს, თუმცა სინჯების ნაწილი ჯერაც დაკარგულია. ამრიგად, ტვინის ნაჭრების უმეტესობა ამჟამად პრინსტონში ინახება, სადაც გენიოსი აღესრულა, ხოლო ქსოვილის ნიმუშთა გაურკვეველი რაოდენობის სამყოფელი კი ჯერაც უცნობია. შესაბამისად, აინშტაინის ტვინის ეს ნაწილები ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს.
კომენტარები