მომავალი წლიდან Windows 7-ს Google Chrome-ის მხარდაჭერა აღარ ექნება
Windows-ის ძველი ვერსიების ერთგული მომხმარებლებისთვის ცუდი ამბავი გვაქვს...
გუგლი მომავალ წელს Windows 7-ისა და Windows 8.1-თვის Google Chrome-ის ბოლო განახლებას გამოუშვებს. Google support-ის გვერდის მიხედვით, Chrome 110, რომლის გამოსვლაც 2023 წლის 7 თებერვალს იგეგმება, Microsoft-ის ამ ორ უკვე საკმაოდ მოძველებულ ოპერაციულ სისტემასთან თავსებადი ბოლო განახლება იქნება.
იმის გათვალიწინებით, რომ 2009 წელს გამოსული Windows 7-ის მხარდაჭერა Microsoft-მა ოფიციალურად 2020 წელს შეაჩერა, მონაცემების მიხედვით, სისტემას ჯერ ისევ შემორჩა ერთგული მომხმარებელი: გასული წლის კვლევებით, ის მინიმუმ 100 მილიონ პერსონალურ კომპიუტერზეა აქტიური. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მხარდაჭერას მოკლებულ ოპერაციულ სისტემასთან ერთად 2023 წლიდან ასეთივე ბრაუზერს გამოიყენებს, რაც კიბერუსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევა შეიძლება გახდეს.
ბრაუზერი, ბუნებრივია, ამ კომპიუტერებზე ვერსია 110-ის შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მომავალ განახლებებს ვეღარ მიიღებს. ამის გათვალისწინებით, თუ თქვენ ჯერ კიდევ იყენებთ Windows 7-ს ან Windows 8.1-ს, გირჩევთ, რაც შეიძლება მალე გადახვიდეთ ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიებზე. ამ გზით თქვენ შეგეძლებათ, ფუნქციურ მრავალფეროვნებასთან და სიახლეებთან ერთად მიიღოთ განახლებები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებითაც.
კომენტარები