ტვინის ზომის ზრდა კონკურენციას უკავშირდება — ახალი კვლევა
"ეს კვლევა ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც, შესაძლოა, კონკურენცია თამაშობდეს."
კვლევამ, რომელსაც ბიოლოგიის პროფესორი მეთიუ უოლში და კეიტლინ ჰოუელი ხელმძღვანელობდნენ, დაადგინა კავშირი ტვინის ზომასა და ამტანობას შორის. მათ გამოიკვლიეს თევზის ერთ-ერთი სახეობა, Fundulus heteroclitus, ჯერ თავიანთ მშობლიურ ჰაბიტატებში, ხოლო შემდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი მტაცებლებით სავსე ადგილებიდან გადაიყვანეს მტაცებლებით მცირე, თუმცა მაღალი კონკურენციის ადგილებში.
არიმას (ტრინიდადი) მახლობლად 30-დღიანი ექსპერიმენტის დროს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როდესაც თევზი გადაყვანილია დაბალკონკურენტულიდან მაღალკონკურენტულ გარემოში, მყარდება ძლიერი კავშირი ტვინის დიდ ზომასა და სწრაფ ზრდას შორის. ეს ზრდა აჩვენებს საკვების მოპოვების გაზრდილ უნარს, რაც ამ თევზებს გადარჩენის მეტ შანსს აძლევს.
გარდა ამისა, მაღალკონკურენტული ადგილებიდან მოპოვებულ Fundulus heteroclitus-ებს, რომლებიც დარჩნენ მშობლიურ ჰაბიტატში ექსპერიმენტის განმავლობაში, არ გამოუვლენიათ რაიმე ცვლილება ტვინის ზომაში. თუმცა, გადაყვანილ თევზებს, რომლებმაც გაძლეს ექსპერიმენტის დასრულებამდე, ტვინის იმაზე დიდი ზომა აღენიშნებოდათ, ვიდრე იმ თევზებს, რომლებმაც ექსპერიმენტის დასრულებამდე ვერ გაძლეს.
"მეცნიერებმა 100 წელზე მეტი ხნის წინ იცოდნენ ხერხემლიანთა ტვინის ზომაში დიდი განსხვავებების შესახებ და არსებობს მრავალი ჰიპოთეზა იმაზე, თუ რატომ ვითარდება ხერხემლიანთა ტვინი", — თქვა უოლშმა. "ეს კვლევა ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც, შესაძლოა, კონკურენცია თამაშობდეს."
ჰოუელის თქმით, ექსპერიმენტი გამოიწვია დაკვირვებამ, რომ Fundulus heteroclitus-ებს, რომლებიც მტაცებლებით მცირე გარემოში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ უფრო დიდი ტვინი თავიანთი სახეობის სხვა თევზებთან შედარებით:
"ვიცოდით, რომ თევზების ამ ორ პოპულაციას შორის არსებობდა განსხვავებები ტვინის ზომაში, მაგრამ არ ვიცოდით რატომ. ეს შედეგები იძლევა ექსპერიმენტულ მხარდაჭერას, რომ უფრო დიდი ტვინი შეიძლება ადაპტირდეს და გაზარდოს ამტანობა გარემოში, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, დაბალი რესურსებითა და ინტენსიური კონკურენციით."
კომენტარები