ადამიანის ჩანასახის ფილტვებში, ღვიძლში, ტვინსა და პლაცენტაში ჭვარტლი აღმოაჩინეს
დაბინძურებული გარემო უკვე ადამიანის ნაყოფზეც ახდენს გავლენას. ამას უკანასკნელი კვლევაც ადასტურებს, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა ორსულობის პირველ ტრიმესტრში მყოფი ქალების საშვილოსნოში არსებულ პლაცენტაში, ასევე, ჩანასახის ფილტვებში, ღვიძლსა და ტვინში ჭვარტლი აღმოაჩინეს.
ასევე, იხილეთ: მეცნიერებმა ჩანასახის პლაცენტაში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერში არსებულ მავნე ნივთიერებებთან, ამ შემთხვევაში კი შავი ნახშირბადის ნაწილაკებთან ჩვენ არა მხოლოდ დაბადების შემდეგ, არამედ დაბადებამდეც გვაქვს შეხება.
"შავი ნახშირბადის ნაწილაკებს ადამიანის ჭიპლარის სისხლში მივაკვლიეთ, რაც ადასტურებს, რომ ისინი ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადის", — აცხადებენ ავტორები.
ჭვარტლის ყველაზე მეტი კონცენტრაცია პლაცენტაში დაფიქსირდა, რომელიც ჩანასახს მავნე მიკრობებისგან და ნაწილაკებისგან იცავს, ანუ ერთგვარი ბარიერის ფუნქციას ასრულებს. ნაყოფის განვითარების ასეთ ადრეულ და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ჭვარტლთან შემხებლობა მეცნიერებს შემაშფოთებლად მიაჩნიათ.
შავი ნახშირბადის გავლენით შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან სუნთქვის პრობლემები განვითარდეს. ის ნაადრევ სიკვდილთანაც არის დაკავშირებული. შესაბამისად, ნაყოფში ჭვარტლის არსებობა, როცა ორგანოების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არაა დასრულებული, განსაკუთრებულად საყურადღებოა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.
კომენტარები