ვიკინგები, შესაძლოა, ქერები და სკანდინავიელები სულაც არ ყოფილიყვნენ — კვლევა
ის სასტიკი მეზღვაური მეომრები, ვისაც ჩვენ ვიკინგებს ვეძახით და რომლებიც მე-8 საუკუნის ბოლოდან მე-11 საუკუნის დასაწყისამდე ევროპას ატერორებდნენ, ქერა სკანდინავილებად წარმოგვიდგებიან. თუმცა, ვიკინგებს შეიძლება უფრო მრავალფეროვანი ისტორია ჰქონდეთ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა: ახალი კვლევის მიხედვით, მათ სამხრეთ ევროპული და აზიური გენები ჰქონდათ.
"ზუსტად როგორები იყვნენ ისინი გენეტიკურ დონეზე, აქამდე არ ვიცოდით. კვლევა ვიკინგების თანამედროვე იმიჯს სრულებით ცვლის", — ამბობს ესკე ვილერსლევი, კემბრიჯის უნივერსიტეტისა და დანიის კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარი.
კვლევისთვის, რომლის დასრულებას ექვსი წელი დასჭირდა, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გააანალიზა 442 ადამიანის ნაშთებიდან აღებული დნმ — როგორიცაა კბილები და ძვლები. ნაშთები ჩვენი წელთაღირიცხვამდე 2 400 წლიდან ჩვენს წელთაღირცხვამდე 1 600 წლამდე მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნით. მკვლევრებმა ნაშთები სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრებიდან შეაგროვეს — ევროპისა და გრელანდიის მასშტაბით. თუმცა, ისინი უმეტესწილად ვიკინგების ხანაში ცხოვრობდნენ, რომელიც დაახლოებით 750 წლიდან 1050 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ მკვლევრებმა შეადარეს ამ უძველესი ადამიანების დნმ 3 855 თანამედროვესა და 1 118 სხვა უძველესი ინდივიდის დნმ-ს.
გენის ამ ყოვლისმომცველმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვიკინგები არ იყვნენ მხოლოდ რკინის ხანის ჯგუფების შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლიდან დაახლოებით 700 წლამდე სკანდინავიაში ვიკინგების ხანამდე. პირიქით, ვიკინგები და მათი წინაპრები ხშირად შერეული იყვნენ აზიისა და სამხრეთ ევროპის ხალხებთან. ბევრ ვიკინგ ინდივიდს ჰქონდა "არასკანდინავიური წინაპრების გენეტიკა", — აღნიშნულია ნაშრომში.
"ვერავინ წარმოიდგენა, რომ გენების ასეთი კავშირი მოხდა სკანდინავიაში სამხრეთ ევროპიდან და აზიიდან. და ეს ვიკინგების ხანამდე და მის დროს", — თქვა ვილერსლევმა.
მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ბევრ ვიკინგს ჰქონდა ყავისფერი თმა და არა ქერა, როგორც ჩვეულებრივ წარმოგვედგინა, ნათქვამია განცხადებაში.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენეტიკური განსხვავებები სკანდინავიაში ვიკინგების სხვადასხვა პოპულაციაში. ეს უთითებს იმაზე, რომ ვიკინგების ჯგუფები ბევრად უფრო იზოლირებულნი იყვნენ ერთმანეთისგან, ვიდრე ადრე ეგონათ.
უფრო მეტიც, ძველი გენების თანამედროვე გენებთან შედარებით, მკვლევრებმა შეძლეს დაედასტურებინათ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ გადავიდნენ ვიკინგები სკანდინავიიდან დარბევისა და ვაჭრობის მიზნით. ვიკინგები დღევანდელი დანიიდან მოხვდნენ ინგლისში; შვედეთიდან აღმოსავლეთით წავიდნენ ბალტიის რეგიონში; და ვიკინგები ნორვეგიიდან გაემგზავრნენ ირლანდიაში, ისლანდიაში, გრენლანდიასა და მენის კუნძულზე.
ასევე აღმოაჩინეს უნიკალური ნაშთები. კვლევის თანახმად, ნავით დაკრძალვის ფენომენი, რომლებსაც ესტონეთში მიაგნეს, შესაძლოა ვიკინგების მოგზაურობის ყველაზე ადრეული მტკიცებულება იყოს. ზუსტად არ ვიცით, ეს ექსპედიცია დარბევის მიზნით ხდებოდა, თუ "დიპლომატიური" იყო. სამარხი ორ ნავს მოიცავს და იქ 41 ადამიანის ნეშტია. ისინი თანამედროვე შვედეთიდან არიან და კვლევამ გამოავლინა, რომ ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპნენ. დაღუპულები "მაღალი სტატუსით" არიან დაკრძალულნი.
სამარხებს შორის არის ოთხი ძმა და ნათესავი. ამან მკვლევრებს აფიქრებინა, რომ ექსპედიცია შესაძლოა ოჯახური იყო. დანარჩენებსაც მსგავსი გენები ჰქონდათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ერთი და იგივე ადგილიდან იყვნენ.
შესაბამისად, გამოდის, რომ ყველა ვისაც ვიკინგად აღიქვამდნენ გენეტიკურ დონეზე საერთოდაც არ იყო ვიკინგი. ორკნიში, შოტლანდიაში, მკვლევრებმა ვიკინგების სამარხში ორი მამრობითი ჩონჩხი აღმოაჩინეს. ისინი დაკრძალულნი იყვნენ ხმლებით და ვიკინგების სხვა ნივთებით, მაგრამ გენეტიკურ დონეზე არ იყვნენ ვიკინგები. რეალურად, ისინი გენეტიკურად ჰგავდნენ თანამედროვე ირლანდიელებსა და შოტლანდიელებს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები