ტელევიზიის არც თუ ისე ხანმოკლე ისტორიაში უფრო მეტად, ვიდრე ნაკლებად ქალ გმირებს "ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე" სქესის სასიყვარულო ობიექტისა და გაფორმების ფუნქციის შესრულება უწევდათ, თუმცა თანამედროვეობის პროგრესი ეკრანზეც ირეკლება და ახლა უკვე გვაქვს ისეთი სერიალების ნახვის სიამოვნება, რომლებშიც ქალები მხოლოდ ჯადოსნური ქოშის მომლოდინე პრინცესები აღარ არიან და აღარც მაინცდამაინც ღიღინი და იატაკის ხვეტა მოსწონთ.

თანდათანობით, მეტად ვხვდებით ისეთ პროექტებს, რომლებშიც ქალის გადმოსახედისა და რეალური ცხოვრებისეული გამოცდილებებისკენაა შუქი და კამერა მიმართული. ვხედავთ არა მხოლოდ მათ სხეულებსა და მომხიბვლელობას, არამედ მათ არც თუ ისე ლამაზ მხარეებს, შინაგან ნაიარევებსა და იმ ბრძოლებს, რამაც ეს ნაიარევები მიაყენათ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო სერიალს, რომელიც რეალურად გვიჩვენებს, რას ნიშნავს იყო დიდი თუ პატარა ქალი:

1. My So-Called Life

ფოტო: ABC Productions

ჩემი ეგრედ წოდებული ცხოვრება 90-იანი წლების გახმაურებული ამერიკული სერიალია და 15 წლის ანჯელა ჩეიზის ცხოვრებაზე გვიამბობს. სერიალი რეალისტურად აღწერს, როგორი შეგრძნებაა, როცა თინეიჯერი ხარ, ანუ ცოტა დაკარგული ხარ, ცოტა შენს მშობლებს ვერ იტან, ცოტა საკუთარ თავს, ცოტას მაიმუნობ და ყველაფერ ამასთან ერთად, უამრავი კითხვის ნიშნით გაქვს თავი სავსე. გულის სიღრმეში თითქოს მოელი, რომ ცხოვრების ეს ეტაპი უფრო ამაღელვებელი უნდა იყოს, ვიდრე ბავშვობა, მაგრამ ყოველი დღე ასლივით ჰგავს მეორეს და თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ანჯელაც გაჰყურებს ჰორიზონტს რაღაც განსხვავებულის, საოცარის მოლოდინში და მანამდე, როგორც თინეიჯერს შეშვენის, არც წუწუნსა და თვალების ტრიალს აკლებს.

მათთვის ვინც კლერ დეინსის ანდა ჯარედ ლეტოს ფანები არიან, სერიალი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება, მასში ხომ ორივე მსახიობს ვხვდებით თავიანთი კარიერის დასაწყისში.

2. Derry Girls

ფოტო: Channel 4

დერის გოგოების პრემიერა 2018 წელს შედგა, თუმცა მისი წყალობითაც 90-იან წლებში ვმოგზაურობთ. სერიალი ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 4 თინეიჯერი გოგოსა და მეხუთე დაქალად მიკედლებული ბიჭის ცხოვრებას გვიჩვენებს, რომლებიც კათოლიკურ სკოლაში სწავლობენ. მათგან ერთ-ერთი, სახელად ერინ ქვინი, არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება ცხოვრებისეულ გამოწვევებზე კონფლიქტურ გარემოში, სადაც პროტესტანტიზმი კათოლიციზმს ებრძვის, დიდი ბრიტანეთი — ირლანდიას, თუმცა რეალური ისტორიული კონტექსტის მიუხედავად, დერის გოგოები, უპირველეს ყოვლისა, მაინც სერიალია თინეიჯერ გოგოებზე, მათ მხიარულ თავგადასავლებსა და მეგობრობაზე.

90-იანი წლების ნოსტალგიით შეპყრობილთათვის კი სერიალი კიდევ უფრო სასიამოვნო სანახავი იქნება.

3. My Mad Fat Diary

ფოტო: Channel 4

ჩემი გიჟური მსუქანი დღიური კიდევ ერთი თანამედროვე ბრიტანული კომედიაა 90-იან წლებზე, თუმცა ისეთ საკითხებზე გვიამბობს, რომლებიც დღევანდელი თინეიჯერებისთვისაც კარგად ნაცნობი და ახლობელია. სერიალი დაფუძნებულია რეი ერლის წიგნზე, რომელიც მისი რეალური დღიური იყო და მის განცდებსა და გამოცდილებებს ასახავდა. აქ მთავარი გმირი 17 წლის რეი ერლია, რომელსაც თავისი წონა არ მოსწონს, მენტალურ პრობლემებს ებრძვის და ხანგრძლივი მოგზაურობა უწევს საკუთარი თავის სიძულვილიდან მის მიმღებლობასა და სიყვარულამდე.

სერიალი რეისთან ერთად მაყურებელსაც ეხმარება, უფრო შემწყნარებელი იყოს საკუთარი თავის მიმართ და მისცეს თავს ბედნიერების უფლება. აქ საოცარ იუმორს სევდა ცვლის, სევდას კი — ისევ იუმორი.

ჯოდი კომერის ფანებს ორმაგად სასიამოვნო სიურპრიზი ელით, რადგან ქლოის როლი ერთ-ერთი პირველია მის ნამუშევრებში.

4. Gilmore Girls

გილმორის გოგოები პატარა ქალაქის მკვიდრი, თინეიჯერი რორისა, და მისი ექსცენტრიული დედის, ლორელაის, ცხოვრებისა და არაჩვეულებრივი მეგობრობის შესახებაა. იუმორთან ერთად ამ სერიალს კომფორტისა და რაღაც მშობლიურის განცდაც მოაქვს, მისი ყურებისას ქალაქი Stars Hollow თქვენთვისაც სახლად, ხოლო იქ მცხოვრებლები აუცილებლად შინაურებად იქცევიან. ინატრებთ რორისთან და ლორელაისთან მეგობრობას, ანდაც რომელიმეს დად ყოფნას.

სერიალი ასევე გვაცნობს ამერიკული საშუალო კლასის რეალურ ცხოვრებას და უნიკალურ, დასამახსოვრებელ გმირებს; ხოლო თუკი ხანდახან ადრეული 2000-იანები გენატრებათ, ეს სერიალი მით უფრო აღმოჩენა იქნება თქვენთვის.

5. Girls

ფოტო: HBO

გოგოები ალბათ ყველაზე რეალურად ასახავს 20+ წლების ქაოსს ჩვენს ცხოვრებაში და იმას, თუ რას ნიშნავს, როცა თინეიჯერობასა და ზრდასრულობას შორის არსებულ ვიწრო ხაფანგში ხარ გაბმული; არც ის იცი, როგორ დააღწიო თავი, ან თუ დააღწევ — საით წახვიდე.

4 ახალგაზრდა ქალის ურთიერთობა გვაჩვენებს როგორც მათი ხასიათების, ისე მათი მეგობრობის სირთულეებსა და კომპლექსურობას. სერიალი ასევე საინტერესოა მათთვის, ვისაც მთავარი გმირი ჰანა ჰორვატივით მწერლობა სურს და ცდილობს თან ოცნებას მისდიოს და თან მშიერიც არ მოკვდეს.

სხვა მნიშვნელოვან გზავნილებთან ერთად სერიალი სექსპოზიტიურობასა და საკუთარი სხეულის მიმღებლობის მნიშვნელობაზეც გვესაუბრება.

6. Fleabag

ფოტო: BBC Three

ფლიბეგი ასევე არის სერიალი 20+ წლის ქალის ცხოვრებაზე, რომელიც არაჩვეულებრივი იუმორით მალავს თავის სასოწარკვეთასა და დაბნეულობას. გმირის, რომლის სახელსაც შოუს განმავლობაში ვერ ვიგებთ და ფლიბეგად ვეცნობით, მთავარი გამოწვევა საკუთარი თავის სიყვარულისა და მიტევების სწავლაა, ისევე როგორც ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება სხვა ადამიანებთან და მათი ნდობა.

სერიალი ყურადღებას ამახვილებს მენტალურ ჯანმრთელობაზეც და საუბრობს, როგორ გავუმკლავდეთ ტკივილსა და დანაკარგებს ისე, რომ არ დავკარგოთ საკუთარი თავი.

7. Secret Diary of a Call Girl

ფოტო: SHOWTIME

გოგონა გამოძახებით - საიდუმლო დღიური 27 წლის ჰანა ბექსტერის ცოტა კომიკურ, ცოტა ტრაგიკულ და ცოტა საიდუმლო ორმაგ ცხოვრებაზე გვიყვება. მშობლებისა და მეგობრებისთვის ჰანა კოლეჯდამთავრებული, პატივსაცემი მდივანია სამართლის სფეროში, სინამდვილეში კი მისი ალტერ ეგო — ბელი ლონდონის ელიტასთან "მეგობრობს" და ესკორტის ძვირადღირებული ცხოვრებით ცხოვრობს.

სერიალი წააგავს ფლიბეგს იმით, რომ მთავარი გმირი აქაც პირდაპირ ესაუბრება კამერას და მომენტალურად ამყარებს კავშირს მაყურებელთან.

8. P-Valley

ფოტო: Starz

საშოს ხეობა მისისიპის პატარა, გამოგონილ ქალაქ ჩუკალისაში მდებარე სტრიპტიზის კლუბზე, მის მმართველ ძია კლიფორდზე და მასში მომუშავე შავკანიან ქალებზეა, რომლებიც დღისით სიღარიბეს, ოჯახურ ძალადობას, შავკანიან ქალად ყოფნის სირთულეებს და საყვარელი ადამიანების დაკარგვას უმკლავდებიან, ღამით კი ისე ცეკვავენ, რომ დროც ჩერდება მათი ყურებისას.

სერიალი წარმოაჩენს ძელზე ცეკვას როგორც ხელოვნებას, ხოლო მოცეკვავე ქალებს როგორც — მდიდარი და კომპლექსური ხასიათის მქონე ადამიანებს, რომელთა სხეულიც მოქნილი და დრეკადია, თუმცა მათი ხასიათი და შემართება ყოველგვარი გამოწვევის წინაშე უდრეკი რჩება.

9. My Brilliant Friend

ფოტო: HBO

ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი ორი განსაკუთრებული ინტელექტის მქონე გოგოს, ლენუსა და ლილას, მეგობრობისა და მეტოქეობის შესახებ გვიყვება, რაც მთელი მათი ცხოვრება გრძელდება. გოგოები ნეაპოლის ღარიბ კვარტალში იზრდებიან 1950-იან წლებში და იქ გამეფებულ უსახურ ერთფეროვნებასა და ძალადობას ოცნებებითა და სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესით ებრძვიან. როცა ლენუს ოჯახი სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს დაწყებითი კლასების შემდეგ, ხოლო ლილას – არა, მათი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება და მეტოქეობის თითქმის უხილავი ძარღვიც მუქდება და გამალებით იწყებს ფეთქვას.

გარდა იმისა, რომ სერიალი გვიჩვენებს ქალებს შორის მეგობრობის რეალურ, პრობლემურ სახეს, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, იტალიის ღარიბ გარეუბანში მცხოვრები ოჯახების ამბებმა შესაძლოა, რაღაცით საქართველო, ქართული ამბები და ეზოები მოგაგონოთ.

10. Golden Girls

ფოტო: Getty Images

ოქროს გოგოები ოთხი ასაკიანი, მარტოხელა ქალის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთად ცხოვრებენ მაიამიში. მათი იუმორი და ურთიერთობები სერიალს გამორჩეულ სანახაობად აქცევს და ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის მარტივად და სასიამოვნოდ აღსაქმელს ხდის.

სერიალი გვიჩვენებს, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია სიყვარულისა და ბედნიერების პოვნა, საკუთარი თავითა და მეგობრებით ტკბობა.