რისგან შედგება ქალის ორგაზმისას გამოყოფილი სითხე? — მეცნიერებმა "სქვირთის" საიდუმლო ამოხსნეს
ზოგიერთი ქალი სქესობრივი აქტისას, ორგაზმისას ან მის გარეშე, დიდი რაოდენობით სითხეს გამოყოფს. "სქვირთის" (squirt) სახელით ცნობილი ამ გამონაყოფის წარმოშობისა და შედგენილობის საკითხი არაერთ კითხვისნიშანს აჩენდა, ახლახან ჩატარებული კვლევით კი მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სითხე სინამდვილეში შარდის ბუშტიდან გამოიყოფა. მათი კვლევა გამოცემაში International Journal of Urology გამოქვეყნდა.
ქალმა სქესობრივი აქტისას რამდენიმე ტიპის სითხე შეიძლება გამოყოს. აღგზნების ეტაპზე საშოს ჯერ ლუბრიკანტი სითხე ასველებს, ორგაზმის მიღწევის შემდგომ კი შარდსადენი მილიდან ორი ტიპის სითხე შეიძლება გამოიყოს: მცირე რაოდენობით რძისებრი ნივთიერება (ეაკულატი) ანდა გამჭვირვალე სითხე ("სქვირთი"), რომელიც დიდი რაოდენობით (ასობით მილილიტრი) გამოიყოფა.
აქამდე ორივე ტიპის გამონაყოფს ქალის ეაკულატს უწოდებდნენ. ამჟამად ეს ტერმინი მხოლოდ რძისებრ გამონადენს მიესადაგება, "სქვირთი" კი გამჭვირვალე სითხეს აღნიშნავს.
მიჩნეულია, რომ დასავლეთის ქვეყნებში "სქვირთნიგს" ქალების დაახლოებით ხუთი პროცენტი განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი აქამდეც შეუსწავლიათ, აქამდე დაზუსტებით მაინც არავინ იცოდა, თუ რა არის და საიდან მოდის ეს სითხე.
კერძოდ, ამის დასადგენად კვლევა ფრანგმა გინეკოლოგმა სამუელ სალამამ ჩაატარა 2014 წელს. მეცნიერებმა 7 ქალს (მათ "სქვირთინგი" შეეძლოთ) ულტრასონოგრაფია ჩაუტარეს, რომლითაც დადგინდა, რომ მოვლენამდე მონაწილეთა შარდის ბუშტები სავსე იყო, "სქვირთის" გამოყოფის შემდეგ კი მაშინვე დაიცალა. შესაბამისად, დაასკვნეს, რომ "სქვირთინგი" შარდის ბუშტიდან შარდის გამოყოფას მოიცავს.
ამის დასადასტურებლად ახლახან კვლევა იაპონელმა უროლოგმა მიიაბი ინოუემ და მისმა კოლეგებმაც ჩაატარეს. მათ ხუთი ქალის (მათ "სქვირთინგი" შეეძლოთ) შარდის ბუშტში ლურჯად შეფერილი წყალი შეიყვანეს. შემდეგ მამრობითი სქესის მოხალისეს კვლევის მონაწილეების სექსუალური სტიმულაცია დაავალეს, შედეგად გამოყოფილი "სქვირთი" კი მკვლევრებმა სტერილურ ჭიქაში შეაგროვეს.
სითხე თითოეულ შემთხვევაში ლურჯი აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ "სქვირთი" ნამდვილად შარდის ბუშტიდან გამოიყოფა.
კვლევაში ჩართული ყველა ქალი შარდის ბუშტს კარგად აკონტროლებდა, ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "სქვირთის" გამოყოფა შარდის შეუკავებლობას არ გამოუწვევია.
"სქვირთინგის" დროს, როგორც ჩანს, ოთხმა ქალმა ეაკულაციაც განიცადა. ეს რამდენიმე მილილიტრი რძისებრი, შედარებით სქელი სითხის გამოყოფას გულისხმობს სკინის ჯირკვლებიდან (შარდსადენის გვერდით არსებული პატარა ჯირკვლები, იგივე "ქალის პროსტატა") და სრულებით განსხვავებული ფიზიოლოგიური პროცესია. სითხე პროსტატსპეციფიკურ ანტიგენს (PSA) შეიცავს, რომელიც კაცის პროსტატიდან გამოყოფილ ეაკულატშიც გვხვდება.
როგორც დადგინდა, კვლევაში ქალების მიერ გამოყოფილი "სქვირთი" PSA-ს შეიცავდა. ეს მიანიშნებს, რომ ქალებმა ეაკულატი და შარდი დაახლოებით ერთ დროს გამოყვეს, ეს ორი სითხე კი ერთმანეთს შარდსადენ მილში შეერია.
ჯესიკა პაფსის, გოთენბურგის უნივერსიტეტის მკვლევრის, თქმით, "სქვირთინგის" გამოცდილება ქალებში ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. მან შვედეთში 28 ისეთი ადამიანი გამოჰკითხა, რომელთაც "სქვირთის" გამოყოფა შეეძლოთ: ზოგისათვის იგი უაღრესად სასიამოვნო გახლდათ, ზოგს ამისა რცხვენოდა, ზოგი კი ფიქრობდა, რომ ხალხი მას გადაჭარბებულად აფასებს. გამოკითხულთა ნაწილში "სქვირთინგი" უნებლიე იყო, ნაწილმა კი ამის გაკეთება პრაქტიკაში ისწავლა.
"მაგრამ მაინც უამრავი კითხვაა, მაგალითად, სითხესაც შარდის ანალოგიური შედგენილობა აქვს? რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი ქალი ამ სითხეს გამოყოფს, ზოგი კი არა", — დასძენს პაფსი.
კომენტარები