შესაძლოა, მთვარე მზის ისტორიას ასახავდეს — რას ნიშნავს ეს
მზის ისტორიის შესწავლა თუ გსურთ, ამაში სწორედ მთვარე დაგეხმარებათ — ამ რეკომენდაციას გასცემენ ის მეცნიერები, რომელთაც ზემოხსენებული ვარსკვლავის ისტორიაში გარკვევა Artemis-ის მთვარის მისიების საშუალებით სურთ.
მზეს მზის სისტემის ყოველ ობიექტზე მუდმივად ჰქონდა გავლენა — უკანასკნელი 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში მისგან არამხოლოდ სითბოსა და სინათლეს, არამედ მაღალენერგეტიკული ნაწილაკების მუდმივ ნაკადებსა და მზის ქარებსაც ვიღებთ.
ზოგიერთ პლანეტაზე, მათ შორის, დედამიწაზე, მისი გავლენის უძველესი კვალი აღარ შეიგრძნობა. ეს ქარისა და წყლისგან გამოწვეულ ეროზიას, ასევე ბაქნების ტექტონიკის მუდმივ ციკლებს უკავშირდება, რომლებმაც შესაძლოა, დედამიწის ქერქზე მზის კვალი წაშალოს ანდა სულაც მანტიაში ღრმად ჩამარხოს.
საცდელი ეგზემპლარების ჟურნალში arXiv გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის მიხედვით, ე.წ. მკვდარი სამყაროები წარსულს ბევრად უკეთ ინახავს. გამომდინარე იქიდან, რომ მთვარე ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე მკვდარი სამყაროა, გონივრული იქნება, მისი კვლევა დავიწყოთ — Artemis მისიების სამიზნეც ხომ სწორედ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მთვარის ფორმირების შემდეგ მის ზედაპირზე გარკვეული აქტივობა შეინიშნება, ლავის ნაკადები იქნება ეს თუ ასტეროიდებისა და კომეტების ზემოქმედება. ნაშრომის ავტორების აზრით, ეს აქტივობა სინამდვილეში უფრო დახმარებაა, ვიდრე დამაბრკოლებელი ფაქტორი.
ლავის დინებას შეუძლია, მთვარის ზედაპირის საკმაოდ დიდი ნაწილები მზის დამატებითი ურთიერთქმედებისგან დაიცვას. თუ შევძლებთ, ნაკადის ქვემოთ და მთვარის უფრო ღრმა რეგოლიტში შევაღწიოთ, მზის ისტორიასაც შევავლებთ თვალს ლავის დინებამდე დროიდან.
მეცნიერებმა რამდენიმე საკვანძო მაჩვენებელი გამოყვეს, რომელთა შეფასებაც მთვარის ნიმუშების მიხედვით შეგვიძლია. აღნიშნეს ისიც, თუ როგორ უკავშირდება ისინი მზის აქტივობას.
მაგალითისთვის, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რამდენი ხნის განმავლობაში ზემოქმედებდა ნიმუშზე კოსმოსური სხივები, ეს ინფორმაცია კი გასული რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში მზისგან კოსმოსური სხივების წარმოქმნის სიჩქარის მოდელირებისთვის გამოვიყენოთ. ამასთანავე, შეგვიძლია, ქერქში მაღალენერგეტიკული ნაწილაკებისაგან დატოვებულ კვალს დავაკვირდეთ და ამავე ინფორმაციამდე ამ გზით მივიდეთ.
დროთა განმავლობაში მთვარის ნიადაგი ბრექჩიად (დაკუთხული ნატეხებით აგებული შეცემენტებული ქანი) გარდაიქმნება, ეს პროცესი კი მზის გამოსხივების რაოდენობის შესატყვისად იცვლება. სხვადასხვა ადგილებიდან და სიღრმეებიდან მოპოვებული ნიმუშებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ იცვლებოდა მზის სიკაშკაშე დროდადრო.
მეცნიერთა აზრით, მზის უძველესი ისტორიის შესასწავლად მზის სისტემაში ამაზე ხელმისაწვდომი ადგილი არ არსებობს — მთვარე დროის კაფსულია მზისთვის — ჩვენ კი ამასობაში ისღა დაგვრჩენია, Artemis მისიის გაშვებას დავუცადოთ, რომელიც, NASA-ს ვებსაიტზე დაყრდნობით, 27 სექტემბერს შედგება, თუ კიდევ რაიმე შეფერხებამ არ იჩინა თავი.
კომენტარები