აღმოჩენილია ახალი ტიპის ეგზოპლანეტები, რომლებიც ნახევრად კლდოვანია და ნახევრად წყლიანი
მეცნიერებმა ახალი ტიპის ეგზოპლანეტები აღმოაჩინეს, რომლებიც ნახევრად კლდოვანია, ნახევრად კი წყლიანი. სპეციალისტებმა ისინი ყველაზე გავრცელებული ვარსკვლავების მიმდებარედ დააფიქსირეს, რომლებსაც წითელ ჯუჯებს უწოდებენ, რაც შესაძლოა, არამიწიერის სიცოცხლის ძიებაში დაგვეხმაროს.
წითელი ჯუჯები მნათობთა მთლიანი პოპულაციის 70%-ს შეადგენს. ეს ობიექტები საკმაოდ ცივია, დაახლოებით 1/5 მზის მასა აქვს და ჩვენს ვარსკვლავზე 50-ჯერ მკრთალია. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მათ მახლობლად სიცოცხლისთვის თავსებადი ციური სხეულები არსებობდეს, თუმცა ეგზოპლანეტების შემადგენლობის გაანალიზების გარეშე ამაზე მსჯელობა ძნელია.
ავტორებმა სწორედ ამის გაგება სცადეს. მათ ტელესკოპ TESS-ის მეშვეობით ჩვენთან ახლოს განლაგებული წითელი ჯუჯების გარშემო მოძრავი მცირე ზომის ობიექტების შესწავლა გადაწყვიტეს. ეს მნათობზე დაკვირვებითაა შესაძლებელი, კერძოდ, მასზე პოტენციური ეგზოპლანეტის გავლენის შეფასებით. მაგალითად, ტრანზიტის მეთოდით, ანუ დაჩრდილვის გამო სიკაშკაშის ცვლილების შესწავლით, რაც ციური სხეულის დიამეტრზე გვაწვდის ინფორმაციას. ასევე, გრავიტაციული ზემოქმედების დადგენით, რაც მასის გამოთვლის საშუალებას გვაძლევს.
მეცნიერებმა ყურადღება სულ 34 ეგზოპლანეტაზე გაამახვილეს, რომელზეც ეს მონაცემები მოგვეპოვებოდა, შემდეგ კი მათი სავარაუდო სიმკვრივე გაზომეს. შედეგად 21 მყარი, 7 აირადი და 6 კლდოვან-წყლიანი პლანეტა გამოავლინეს, სადაც წყალი ან თხევად მდგომარეობაშია, ან ყინულის სახითაა წარმოდგენილი.
"მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე გავრცელებული ვარსკვლავების ორბიტაზე ამდენი წყლიანი ციური სხეული გადაადგილდება", — აცხადებენ ავტორები.
ისინი, სავარაუდოდ, ყინულოვანი მატერიისგან წარმოიქმნა, თანაც მნათობისგან საკმაოდ მოშორებით, შემდეგ კი უფრო ახლოს გადაინაცვლა. მეცნიერული მოდელების მიხედვით, აირადი პლანეტებიც მსგავსად უნდა ფორმირდებოდეს, თუმცა მეტ მასას იძენდეს და წყალბად-ჰელიუმის ატმოსფეროს ივითარებდეს. დიდი ალბათობით, წითელი ჯუჯების მიმდებარედ მოძრავი კლდოვანი ობიექტების სიმკვრივე და შემადგენლობა დედამიწის მსგავსია (ანუ შეიძლება იქ წყალიც იყოს).
მათზე უფრო მეტს ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიებისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით გავიგებთ. ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები