როგორ განსაზღვრავს "ბნელი მხარე" ჩვენს კარიერას
ფოტო: Andrii/borzaya
ახალი ნაშრომის ავტორებმა "ბნელი ტრიადა" კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლეს. ეს ტერმინი ფსიქოპათიას, მაკიაველიანიზმსა და ნარცისიზმს აერთიანებს. აქამდე ჩატარებული კვლევების უმრავლესობა ამ თვისებებს ერთ მთლიანობად მოიაზრებს, თუმცა ახალ ნაშრომში ფსიქოლოგებმა ისინი ცალ-ცალკე შეისწავლეს, ძირითადად პროფესიის არჩევის ჭრილში.
კვლევის ფარგლებში აშშ-ის ერთ-ერთი უნივერსიტეტის 600 სტუდენტი გამოჰკითხეს, რომლებიც ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობდნენ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ორივე სქესში "ბნელი მხარე" ძალაუფლებისა და ადამიანების დაყოლიებისკენაა მიდრეკილი. შესაძლოა, ამ კვლევიდან გამოტანილი დასკვნებით სხვადასხვა ორგანიზაციამ ლიდერობის ტოქსიკური სტილი უფრო მარტივად გამოავლინოს.
როგორც აღვნიშნეთ, აქამდე ჩატარებული კვლევების უმრავლესობაში "ბნელი ტრიადა" ერთ მთლიანობად აღიქმება. ახალი ნაშრომის ავტორებმა ფსიქოპათიის ტრიარქული მოდელი რამდენიმე ნაწილად დაყვეს: სითამამე, სიბოროტე, თავშეუკავებლობა, ორგანზომილებიანი მაკიაველიანიზმი, ნარცისული განდიდება და მეტოქეობა.
აღმოჩნდა, რომ სიმამაცის მაღალი მაჩვენებლის მქონე ინდივიდებს ჯანდაცვის სფერო ხიბლავთ. "ბოროტებს" (მათ ნაკლები ემპათია და მეტად აგრესიული დამოკიდებულება ახასიათებთ) ტექნოლოგია და პრაქტიკული მექანიკური სამუშაო იზიდავთ. მეტად იმპულსური ცდისპირები შემოქმედებითი სფეროებით აღმოჩნდნენ გატაცებულნი.
მაკიაველიანელებს (ცინიკოსები) ლიდერობა იზიდავთ. მეორე მხრივ, იმ ცდისპირებს, რომლებსაც ტაქტიკა მოსწონთ, მაგრამ დომინაცია — ნაკლებად, ცხოველებთან მუშაობა და კრეატიული საქმიანობა უფრო მოსწონთ, ვიდრე ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია. ხოლო ნარცისებს სხვებზე ზეგავლენის მოხდენაც ძალიან მოსწონთ და თავის შემოქმედებითად გამოხატვაც.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კვლევის ფარგლებში მხოლოდ ამერიკის სტუდენტები გამოჰკითხეს. გარდა ამისა, პასუხები თვითანგარიშზეა დაფუძნებული, ამიტომ შეიძლება ბევრი მათგანი მიკერძოებული და, შესაბამისად, არასწორი იყოს. ამასთან, კვლევა კორელაციურია და არა მიზეზ-შედეგობრივი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბნელი ტრიადისთვის" დამახასიათებელი თვისებების მაღალი მაჩვენებელი აუცილებლად დიაგნოსტირებად დარღვევაზე არ მიანიშნებს.
ნაშრომი გამოცემაში Personality and Individual Differences გამოქვეყნდა.
კომენტარები