ერევანში საწყობის აფეთქების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს
ერევანში სურმალუს ბაზარში აფეთქებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, საქმის ფარგლებში 4 ადამიანი დააკავეს. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პარასკევს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია ერევნის კონსერვების მწარმოებელი ქარხნის უფროსის მოადგილე — მათი ცნობით, ქარხანა სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებდა. ამასთან, დააკავეს ბიზნესმენი, რომელსაც ცენტრში ფართი ჰქონდა ნაქირავები. მათ გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალი წაუყენეს დამატებით ორ თანამშრომელს, რომლებსაც 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ქარხნის უფროსის მოადგილე შაბათს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენი სამი კი პატიმრობაში რჩება.
14 აგვისტოს პიროტექნიკის საწყობში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა ათობით ადამიანი.
მიუხედავად ერთკვირიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისა, რომელიც 24 აგვისტოს გააჩერეს, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. 55 წლის ვანიკ ამირხანიანი, რომელიც სავაჭრო ცენტრში მუშაობდა, აფეთქების შემდეგ არავის უნახავს.
25 აგვისტოს ერევნის პროკურატურამ სურმალუს ბაზრობის დახურვა მოითხოვა. მათ დედაქალაქის მასშტაბით პიროტექნიკისა და სხვა ფეთქებადი მასალების შენახვის პირობების შემოწმებაც დაიწყეს.
სურმალუს სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების წესების დარღვევა 2021 წელსაც გამოვლინდა, თუმცა იმის სანახავად, მოგვარდა თუ არა პრობლემები, შემდგომი შემოწმება აღარ ჩატარებულა.
ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქებამ 36 კომპანია დააზარალა — ისინი მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ. მთავრობამ დახმარება გამორიცხა და აცხადებს, რომ ბიზნესსა და მეწარმეებს დაზღვევაზე უნდა ეზრუნათ, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ, რადგან "თავს მაღალი რისკის ქვეშ არ მიიჩნევდნენ".
მთავრობამ ასევე უარი თქვა აფეთქების შედეგად დაზიანებული მანქანების მფლობელებისთვის კომპენსაციის გაცემაზე.
ერთ-ერთი მეწარმის თქმით, აფეთქების შედეგად 700 000 დოლარზე მეტი დაკარგა. ის RFE/RL-თან საუბარში აცხადებს, რომ თუ კომპენსაციას არ მიიღებს, სასამართლოს მიმართავს.
მთავრობა აცხადებს, რომ კომპენსაციას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს გადაუხდიან, თუმცა პროგრამის დეტალები, ჯერ ჯერობით, უცნობია.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები