Xiaomi-მ ახალი ფლაგმანი გამოუშვა და მას გიგანტური კამერა აქვს
Xiaomi-მ ახალი სმარტფონების ტრიო წარადგინა და ერთ-ერთ მათგანს უზარმაზარი ახალი მახასიათებელი აქვს — 1-დუიმიანი კამერის სენსორი, რაც, დაგვეთანხმებით, სმარტფონისთვის საკმაოდ გიგანტურად გამოიყურება.
რა ვიცით Xiaomi-ის ახალ ფლაგმანზე?
მას Mi 12S Ultra ჰქვია და კამერას რომ თავი დავანებოთ, ისედაც საკმაოდ დიდი სმარტფონია. 6.73-დუიმიანი OLED ეკრანით, Snapdragon 8 Plus Gen 1 სისტემაზე მომუშავე ჩიპსეტითა და რა თქმა უნდა, კამერის გიგანტური ლინზით, რომელიც სმარტფონის უკანა მხარის მესამედს იკავებს, ის ერთ-ერთი გიგანტურ ფლაგმანთაგანია.
სმარტფონის უკანა მხარეს სამი კამერაა განლაგებული — 48-მეგაპიქსელიანი ულტრაფართე, 48-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზა, რომელსაც 5x ოპტიკური, ხოლო 120x ციფრული ზუმი აქვს და მთავარი, 50-მეგაპიქსელიანი კამერა. ეს ბოლო სწორედ ისაა, რომელიც 1-დუიმიან სენსორს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ Xiaomi არ არის პირველი კომპანია, რომელმაც სმარტფონში 1-დუიმიანი სენსორის ჩასმა გადაწყვიტა. აქამდე მსგავსი გადაწყვეტა რამდენიმე კომპანიისგან ვიხილეთ, მათ შორის Sony-სგან, RX100 სერიაში. უფრო დიდი ზომა სენსორს მეტი შუქის მოგროვების საშუალებას აძლევს, რისი შედეგიც უფრო დეტალური ფოტოების გადაღების შესაძლებლობაა.
როგორც Xiaomi-ში ამბობენ, სმარტფონის კამერის სისტემა Leica-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, ხოლო 1-დუიმიანი კამერის სენსორი Sony-მ შექმნა.
სხვა მხრივ, Mi 12S Ultra-ს ფლაგმანებისთვის დამახასიათებელი უპირატესობებიც აქვს. მაგალითად, IP68 წყლისადმი მდგრადობა და საკმაოდ დიდი, 4 860-მილიამპერიანი ელემენტი, რომელიც 67W-იანი სადენიანი დამტენით სწრაფად იმუხტება. ეკრანის განახლების სიხშირე 120Hz-ია.
Mi 12S Ultra დასაწყისისთვის ჩინეთში იქნება ხელმისაწვდომი. 8GB-იანი ოპერატიული და 256GB შიდა მეხსიერების კონფიგურაციით მოდელის ფასი 900 დოლარს მიაღწევს, ხოლო 12GB-იანი ოპერატიული და 512GB შიდა მეხსიერებით სმარტფონის ფასი 1 050 დოლარს მიაღწევს.
12S Ultra-სთან ერთად კომპანიამ კიდევ ორი მოდელი — 12S და 12S Pro გამოუშვა. მათ განსხვავებული, 1/1.28-დუიმიანი კამერა აქვთ, რაც Ultra მოდელზე პატარაა, თუმცა ტიპიურ სმარტფონის სენსორებთან შედარებით, მაინც დიდია. 12S-ს შედარებით მომცრო, 6.28-დუიმიანი ეკრანი აქვს, 120Hz-იანი განახლების სიხშირით, ხოლო 12S Pro-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებლები 6.73 დუიმი და 120Hz-იანი განახლების სიხშირის OLED ეკრანია. ორივე მოდელს Snapdragon 8 Plus Gen 1 ჩიპსეტი აქვს. 12S-ის ფასი 600 დოლარიდან იწყება, ხოლო 12S Pro-ს შეძენა 700 დოლარიდან იქნება შესაძლებელი.
კომენტარები