სამშაბათს გერმანიის საელჩოსთან ათობით ადამიანი შეიკრიბა. დაწყებიდან მალევე, აქცია აზერბაიჯანის პოლიციამ დაშალა.

პროტესტის მონაწილეების თქმით, გასული წლის განმავლობაში, გერმანიიდან 6 თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაცია მოხდა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს — ოჯახები სამართლიან და ღია სასამართლო პროცესებს ითხოვენ. მათივე თქმით, უნდათ, რომ ამ საკითხს გერმანიის საელჩომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს.

იქ შეკრებილების განცხადებით, გერმანიიდან დეპორტირებული 6 ადამიანიდან 4 ნარკოდანაშაულის შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს. აქციაზე მისულმა პოლიციელებმა მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, ბანერები და განცხადებები ჩამოართვეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

ნურანა აშუროვამ, ვისი ქმარიც დაკავებულებს შორისაა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გერმანიის საელჩოსგან არავითარი პასუხი არ მიუღიათ.

"როცა გერმანიიდან გამოგვიშვეს, გვითხრეს, რომ სამირს არ დაიჭერდნენ, თუმცა ის თითქმის მაშინვე დააკავეს", — თქვა მან.

აშუროვი პოლიტიკური აქტივისტია, რომელიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის შემდეგ, რამდენჯერმე იყო დაკავებული — 2018 წელს მან თავშესაფარი გერმანიაში მოითხოვა.

ვაჰიდ კარიმლის შვილიც, პუნჰან კარიმლი, რომელიც ასევე დააკავეს აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, აქციებში მონაწილეობას იღებდა. პუნჰან კარიმლი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ერთ-ერთი აქტივისტია.

"თავდაპირველად პოლიციამ თქვა, რომ პუნჰანი უკანონო იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს. შემდეგ ეს იარაღი ნარკოტიკად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილი შეთითხნილი ბრალდებებით დააკავეს, მისი სასამართლო პროცესი, პრაქტიკულად, დახურულია", — აღნიშნა მან.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.