როგორ მივიღეთ პირველი NFT საჩუქარი 200-მდე ადამიანმა
ეს ჩემი პირველი NFT-ია და ის საქართველოს ბანკის ტექნოლოგიების დღეზე — Bank of Georgia UPDATE-ზე საჩუქრის სახით მივიღე.
NFT, იგივე Non-fungible token უნიკალური ციფრული აქტივია, რომელიც ვერასდრს ჩანაცვლდება. NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, გიფები და პოსტებიც კი. ერთი მხრივ, ეს ციფრული ხელოვნების ახალ სიცოცხლეს გვთავაზობს, მეორე მხრივ კი გვაძლევს შესაძლებლობას, ვფლობდეთ ამა თუ იმ ციფრულ პროდუქტს.
ბევრი NFT-ზე საუბრისას ხელოვნების ფიზიკურ ნიმუშებს იშველიებს. ასეთია მაგალითად მონა ლიზას ნახატი, რომლის ასლიც შეუძლია ყველას ჰქონდეს, მაგრამ ორიგინალი მაინც მუზეუმის მფლობელობაში რჩება. ასე მაგალითად, როგორც ამ სტატიაშია ჩემი NFT, თქვენ მისი გადმოწერაც შეგიძლიათ, სხვისთვის გაგზავნაც და დაპოსტვაც. თუმცა ამ გამოსახულების მფლობელი მხოლოდ მე ვიქნები. თუ ერთ დღესაც მის გაყიდვას არ გადავწყვეტ, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ კი ის ჩემი კრიპტო საფულიდან სხვის კრიპტო საფულეში გადაინაცვლებს.
Bank of Georgia UPDATE 11 მაისს გაიმართა. მის შესახებ უკვე დეტალურად გიამბეთ. როგორც ღონისძიების დასასრულს, NFT საჩუქრების მიღებისას გავიგეთ, სპეციალურად ტექნოლოგიების დღისთვის, 200-მდე სტუმრის პროფესიას მორგებული NFT სერია შეიქმნა, რომელმაც თითოეული ჩვენგანის კრიპტო საფულეში დაიდო ბინა. ილუსტრაციების ავტორი ანანო თოთიაურია, რომლის თქმითაც პერსონაჟები 10 პროფესიის წარმომადგენლები არიან — დეველოპერი, ტექ ენთუზიასტი, მარკეტერი, ტექნოლოგიური მედიის წარმომადგენელი და ა.შ. ხოლო ჩემი პერსონაჟი, როგორც ჩანს, ტექნოლოგიური მედიისთვის დამახასიათებელი დეტალების გათვალისწინებით შეიქმნა და სამართლიანადაც.
აქამდე არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ღონისძიებას დავსწრებივართ, თუმცა, ამ მხრივ პანდემიისდროინდელი ჩავარდნის შემდეგ პირველად ვიყავით ასეთ ტექნოლოგიურ ივენთზე. ღონისძიებებიდან აქამდე სხვადასხვა ფიზიკური საჩუქრით ვბრუნდებოდით, იქნებოდა ეს ბრენდირებული მაისურები, წიგნაკები თუ ჩანთები. ამჯერად კი, როგორც ტექნოლოგიურ ღონისძიებას შეეფერება, უახლესი და აქტუალური ტექნოლოგიური საჩუქარი მივიღეთ. ტექნოლოგიური ქომუნითის გამომხატველი 200-მდე პერსონაჟის NFT ახლა ღონისძიებაზე მისული 200-მდე სტუმრის კრიპტო საფულეშია.
ჩვენ კი მომავალ ტექნოლოგიების დღეს ველოდებით. ვნახოთ, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ბანკი 2023 წლის Bank of Georgia UPDATE-ზე.
კომენტარები