ამ პარაზიტით ინფიცირებამ შესაძლოა, უფრო მომხიბვლელი გაგხადოთ
არსებობს ასეთი პარაზიტი Toxoplasma gondii, რომელიც ჩვენს სხეულში მოხვედრისას ტოქსოპლაზმოზის სახელით ცნობილ დაავადებას იწვევს და სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიულ თუ ქცევით აშლილობას ედება საფუძვლად. ამ ორგანიზმებით ინფიცირება ადამიანებში საკმაოდ გავრცელებულია. მეტიც, ისინი ჩვენს თვალებშიც კი ბუდობენ და მას აზიანებენ, რაც ხშირად მხედველობის დაკარგვის მიზეზი ხდება.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შესაძლოა, ჩვენზე სხვაგვარ გავლენასაც ახდენდნენ, კერძოდ, უფრო მომხიბვლელად გვაქცევდნენ. თუ ეს ასეა, მაშ, რა სარგებელი აქვს ამით Toxoplasma gondii-ს? ავტორებს მამრი თაგვების მაგალითი მოჰყავთ და ამბობენ, რომ ერთ-ერთ ადრეულ ექსპერიმენტში მღრღნელები პარაზიტმა მდედრებისთვის სქესობრივად მიმზიდველი გახადა, რამაც მისი გადადების შანსი გაზარდა.
არაა გამორიცხული, რომ ეს არსებები ტესტოსტერონის მაღალი დონის მქონე მამრებს მსხვერპლად განზრახ ირჩევდნენ, მეორე მხრივ კი სხეულში ნეირომედიატორებს ან ჰორმონებს ცვლიდნენ, რათა გავრცელება გაუმარტივდეთ. ამაზე მეტის გასაგებად, სპეციალისტებმა 35 ინფიცირებული ადამიანი, ქალიცა და კაციც, 178 არაინფიცირებულ ცდისპირს შეადარეს.
სხვადასხვა მაჩვენებლის გაანალიზების გზით დადგინდა, რომ პირველ ჯგუფში შემავალ მონაწილეებს სახის ასიმეტრია ნაკლებად აღენიშნებოდათ, ვიდრე მეორე ჯგუფს. უნდა ითქვას, რომ ეს უკეთეს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, კარგ გენებთან და მომხიბვლელობასთან ასოცირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფიცირებულ ქალებს ნაკლები წონა ჰქონდათ და მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავდათ.
დამატებით ექსპერიმენტში მკვლევრებმა მოხალისეებს ცდისპირთა სურათების შეფასება სთხოვეს, რამაც იგივე შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფი ბევრად მიმზიდველად და ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
ავტორები ასკვნიან, რომ შესაძლოა, ეს პარაზიტი საკუთარი სარგებლისთვის ადამიანების ჰორმონებზე, მეტაბოლიზმზე, სახის სიმეტრიასა და სხვა ფაქტორებზე ზემოქმედებდეს, თუმცა ამის დანამდვილებით თქმისგან ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ. ჰიპოთეზის დასადასტურებლად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
მათი ნაშრომი გამოცემაში PeerJ გამოქვეყნდა.
კომენტარები