Google Maps-ს "იმერსიული ხედი" ემატება, რომლითაც ქალაქების ციფრულ მოდელს დაათვალიერებთ
Google Maps-ში სიახლეა. აპლიკაციაში მალე "იმერსიული ხედი" გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ქალაქის ციფრული მოდელი, მაგალითად, ქუჩები, დაწესებულებები ან ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ. ეს ყველასთვის ცნობილი Street View-სა და სატელიტური ფოტოების გაერთიანების გზით მოხერხდა.
შედეგად მიღებული სამგანზომილებიანი რუკის მეშვეობით კონკრეტული ადგილის დეტალურად ხილვა იქამდე შეგვეძლება, სანამ მას რეალურად ვეწვევით. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სურათებზე არ ვიქნებით დამოკიდებულნი.
ასევე, იმასაც ვნახავთ, თუ როგორ გამოიყურება ეს მიდამო არა მხოლოდ დღის სხვადასხვა მონაკვეთში, არამედ ამა თუ იმ ამინდში. "იმერსიული ხედის" წყალობით, Google Maps ჩვენთვის საინტერესო რესტორნის ინტერიერს 360°-ში გვიჩვენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული რეჟიმი ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობის მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თავდაპირველად, აპლიკაციით ლოს ანჯელესში, ტოკიოში, ნიუ იორკში, სან ფრანცისკოსა და ლონდონში წელსვე ისარგებლებენ. სხვა ქალაქები კი რუკას მოგვიანებით დაემატება.
კომენტარები