ჩინელმა მეცნიერებმა კვანტური კომუნიკაციის მხრივ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს
The Eurasian Times-ის თქმით, ჩინელმა მეცნიერებმა კვანტური დაშიფრული კომუნიკაციების (QSDC) ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და ინფორმაცია 102.2კმ-ზე გადასცეს. წინა რეკორდი სულ რაღაც 18კმ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მაჩვენებელი დიდი წინგადაგმული ნაბიჯია.
ახალი რეკორდი შესაძლოა კვანტური კომუნიკაციების დიდი ქსელის შექმნის წინაპირობა გახდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ მსგავსი ქსელის დაჰაკვა ტექნოლოგიის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარემ წამში 0.54 ბიტი შეადგინა, რაც კლასიკურ ქსელთან შედარებით გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 30 კილომეტრის მანძილზე დაშიფრულად სასაუბროდ ან ტექსტური მესიჯის გასაგზავნად ეს მაინც საკმარისი აღმოჩნდა.
აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ წინა რეკორდიც სწორედ მეცნიერთა ამ ჯგუფს ეკუთვნოდა. მათი თქმით, სისტემა საგრძნობლად დაიხვეწა. მათ შეიმუშავეს "ახალი ფიზიკური სისტემა ახალი პროტოკოლით" და წინა მოდელიდან გააქრეს "აქტიური კომპენსაციის რთული ქვესისტემა". ამ ყველაფერმა უზრუნველყო "ულტრადაბალი სიხშირის კვანტური ბიტების სტაბილურობა და გარე ხმაურისადმი ამტანობა".
მკლევართა თქმით, მათი ექსპერიმენტით დასტურდება, რომ "კვანტური კავშირგაბმულობის შექმნა ამჟამინდელი ბოჭკოვანი კაბელებისა და ტექნოლოგიების გამოყენებითაც შესაძლებელია". მეცნიერები თვლიან, რომ ინტერნეტის გლობალური ქსელის გარკვეული მონაკვეთები ნელ-ნელა, შესაძლოა, კვანტური არხებით ჩანაცვლდეს, ამით კი ქსელი ჰაკერებისთვის მიუწვდომელი გახდება.
კომენტარები