პუტინის განცხადებით, მალე რუსეთი მთვარეზე დაბრუნდება
კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" გამართულ კოსმონავტთა დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთვარის პროგრამა გაგრძელდება. კერძოდ, Luna 25-ის სახელით ცნობილი მისია ამ ზაფხულს განხორციელდება. ის დედამიწის თანამგზავრზე დასაჯდომი მოდულის გაშვებას ითვალისწინებს.
"ჩვენ სატრანსპორტო ხომალდების ახალი თაობისა და კოსმოსური ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიების შექმნას გავაგრძელებთ, სადაც ძალიან ცხადი უპირატესობა გვაქვს. მთვარის პროგრამა აღდგება", — ამბობს პუტინი.
აგრესორი სახელმწიფოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოსმოსური სექტორის განვითარებას არ შეწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ხელის შეშლას ცდილობენ. აქ ის დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს გულისხმობს, რაც მისი უკრაინაში შეჭრის პასუხია.
Luna 25-ის გაშვება 22 აგვისტოს იგეგმება. მისია ციური სხეულის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაშვებისთვის ტექნოლოგიების გამოცდასა და მთვარის სამხრეთ პოლუსის შესწავლას ისახავს მიზნად. აპარატი ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე არსებულ ბოგუსლავსკის კრატერში გრუნტს სამეცნიერო ხელსაწყოებით გამოიკვლევს.
ამის შემდეგ, 2024 წელს, მისია Luna 26 განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მთვარეზე როვერს გაუშვებენ. მას 2025 წელს Luna 27 მოჰყვება, 2027-2028 წლებს შორის კი იქ ადამიანების გაგზავნას აპირებენ.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეძლებს რუსეთი ამ ყველაფერს სხვა ქვეყნების კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობის გარეშე.
კომენტარები