სამყარო ფართოვდება, თანაც აჩქარებული ტემპით. მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამის მიუხედავად, პრინსტონის უნივერსიტეტში მომუშავე 3 ფიზიკოსი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნებულ ნაშრომში სხვაგვარ სცენარს გვთავაზობს.

მათი ახალი მოდელის, სახელად QDSCCDM, თანახმად, სამყაროს გაფართოება შესაძლოა, დაახლოებით 100 მილიონ წელში შეწყდეს, რაც კოსმოსური მასშტაბებით საკმაოდ მცირე დროა. მათი განცხადებით, ამის შემდეგ ის შემჭიდროებას დაიწყებს.

სპეციალისტთა ახალ კვლევაში 3 მოდელია წარმოდგენილი, რომელიც ბნელი ენერგიის ბუნებას შეესაბამება, რადგან აჩქარებას სწორედ მას უკავშირებენ. პირველის თანახმად, მომავალში კოსმოსი უფრო და უფრო სწრაფად გაფართოვდება. მეორის მიხედვით, ყველაფერი პირიქით მოხდება, ანუ პროცესი შენელდება. მესამე კი უშვებს, რომ სამყარო ავტომობილს ჰგავს, რომლის მძღოლმაც საწყისი წერტილიდან სრული სიმძლავრით დაიწყო სვლა და ახლა სატერფულს ფეხს აშორებს, თუმცა არა სრულად.

ეს იმას ნიშნავს, რომ გაფართოება იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მის მიღმა აჩქარება ადრინდელზე ნაკლებია. ამგვარად, “მანქანა” ოდესმე აუცილებლად გაჩერდება. მსგავსი ჰიპოთეზა მეცნიერებისთვის უცხო არაა, თუმცა სიახლე სავარაუდო დროის განსაზღვრა გახლავთ.

100 მილიონ წელზე ნაკლები — სწორედ ეს პერიოდი დასჭირდება კოსმოსის გაფართოების დასრულებას, აქედან კი იმავე დროის გასვლის შემდეგ დაიწყება მისი შემჭიდროება. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ისეთ ფაქტორზეცაა დამოკიდებული, რომელსაც ამჟამინდელი ტექნოლოგიით ვერ გამოვითვლით.

უნდა ითქვას, რომ კვლევის ავტორები ამ ჰიპოთეზით მეცნიერულ საზოგადოებაში ერთგვარ უმცირესობაში არიან და კოლეგების მხარდაჭერით ნაკლებად სარგებლობენ. შესაბამისად, მათ ვარაუდს ბევრი არ ეთანხმება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.