Google მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს — მალე მის ონლაინ ტექსტურ პროცესორს Google Docs ემოჯები დაემატება. ეს საშუალებას მიგვცემს, რომ იქ არსებულ მასალაზე კომენტარების დატანის ნაცვლად, რეაქციები გამოვხატოთ.

ასევე, იხილეთ: Opera-ში საიტებზე მხოლოდ ემოჯების ჩაწერითაც მოხვდებით — ინოვაცია დომენების სამყაროში

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროგრამაში ყველა ემოჯი იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც უკანასკნელ ვერსიაში შედის, მათ შორის გენდერ-ნეიტრალური და სხვა ახალი სიმბოლოები, რომელთაც შეგვიძლია კანის ფერი მოვარგოთ.

ფოტო: Google

Google-ის პოსტში ჩასმული გიფი გვიჩვენებს, რომ ემოჯის არჩევანი ტექსტის მონიშვნის შემდეგ, გვერდით, Add Comment-ისა და Suggest Edits-ის ფუნქციებთან ერთად გამოჩნდება. მასზე დაჭერისას მთლიანი კატალოგი ჩამოიშლება, სადაც საძიებო ველში სასურველი რეაქციის პოვნასაც შეძლებთ.

კომპანიაში ამბობენ, რომ მსგავსი სიმბოლოები კომენტარების ნაკლებად ოფიციალური ალტერნატივაა. ზემოხსენებული სიახლე მნიშვნელოვანია, რადგან ემოჯებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მიმოწერის აპლიკაციებში უკვე იმდენად აქტიურად იყენებენ, რომ მათ გარეშე ეს პლატფორმები უბრალოდ წარმოუდგენელია.

ისინი Google Docs-ში ბაზისურად ინტეგრირდება და მათი გაუქმება შეუძლებელი იქნება. ფუნქცია მასიურად 20 აპრილიდან ჩაეშვება. მისით Google Workspace Essentials-ის, Business Starter-ის, Business Standard-ის, Business Plus-ის, Enterprise Standard-ისა და Enterprise Plus-ის გამომწერები ისარგებლებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.