პირველ აპრილს დედამიწას "პოტენციურად საშიში" ასტეროიდი ჩაუვლის
საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ, თუმცა პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, რადგან ასტეროიდი ჩვენს პლანეტას უსაფრთხო მანძილზე მოუახლოვდება.
პირველ აპრილს დედამიწას "პოტენციურად საშიში" ასტეროიდი მისთვის რეკორდულ მანძილზე ჩაუვლის. ამ დროს ის ჩვენგან 7.4 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხე არ გვემუქრება.
კოსმოსური ობიექტი, რომლის ვიზიტსაც ველით, 2007 FF1-ის სახელითაა ცნობილი. SpaceReference.com-ის თანახმად, მისი დიამეტრი 110-დან 260 მეტრამდეა. ეს გახლავთ აპოლონის ტიპის ასტეროიდი, რომელიც მზის გარშემო მოძრაობას 684 დღეს ანდომებს. მას "პოტენციურად საშიში" ეწოდება, რადგან NASA-ს კრიტერიუმების მიხედვით, ასეთად მიიჩნევა 140 მეტრზე მეტი სიდიდის მქონე ყველა ასტრონომიული სხეული, რომლის ორბიტაც დედამიწის ორბიტასთან 7.5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება.
Virtual Telescope Project-ის ფარგლებში 24 მარტს გადაღებულ ფოტოზე სწორედ 2007 FF1-ს ვხედავთ. ის მაშინ დააფიქსირეს, როცა ჩვენგან 11.6 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე იმყოფებოდა.
47 950 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ობიექტი დედამიწას მსოფლიო კოორდინირებული დროით 20:35 საათზე მოუახლოვდება (საქართველოს დროით 2 აპრილის 00:35 საათზე), თუმცა ჩვენგან მთვარეზე დაახლოებით 30-ჯერ შორს იქნება.
და მაინც, ასეთ ახლო მანძილზე მას აქამდე არასდროს ჩაუვლია. მაგალითად, 2020 წელს დისტანცია 17.3 მილიონ კილომეტრს შეადგენდა. მომდევნო ჯერზე ის 2037 წლის 2 აპრილს გვეწვევა და პლანეტის ორბიტას 7.9 მილიონი კილომეტრის მოშორებით გადაკვეთს.
კომენტარები