რუსეთი ომის დანაკარგებს ისევ მალავს — რა "მიზეზი" აქვს კრემლს
ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა და კრემლი დანაკარგებს ისევ მალავს. 28-ე დღეა რუსეთში არ იციან, სად არიან, დაჭრეს, თუ მოკლეს უკრაინაში მებრძოლი მათი ოჯახის წევრები.
ინფორმაციის მიღება რუსებს მხოლოდ იმ "მტრისგან" შეუძლიათ, რომელსაც ნაცისტებს უწოდებენ და ვის წინააღმდეგაც მათი შვილები იბრძვიან. მაშინ, როცა საკუთარი სახელმწიფო სიმართლეს უმალავთ, უკრაინა ყოველდღიურად აქვეყნებს დაღუპულთა დაშავებულთა სტატისტიკას, ცოცხლად დარჩენილ ტყვეებს ოჯახებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს.
უკრაინაში სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა, სადაც ტყვეებზე ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. რუსმა დედებმა კი პრეზიდენტ ზელენსკისგან შეთავაზება მიიღეს, ჩააკითხონ საკუთარ შვილებს და წაიყვანონ კიევიდან.
უკრაინელი სამხედროები მოუწოდებენ ტყვეებს, მშობლებს ყველაფერი უთხრან და სთხოვონ, უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე სიმართლე გაავრცელონ. მსგავსი შინაარსის არაერთი ვიდეო გამოქვეყნდა, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს.
რუსეთში მოსახლეობის უმეტესობას ისევ სჯერა, რომ უკრაინასთან ომი არ აქვთ და "სამხედრო ოპერაცია" მშვიდობიან მოქალაქეებს კი არ ხოცავს, არამედ იცავს. კონცერტებზეც კი დადიან იმ ჯარის მხარდასაჭერად, რომელიც მშვიდობიან დასახლებებს და საავადმყოფოებს ბომბავს.
რა ხდება ამ დროს რუსეთში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრტო ყოველ დღე ავრცელებს ვიდეომიმართვებს, სადაც რიხიანად საუბრობს იმაზე, როგორ გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტექნიკა და რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს, მაგრამ არაფერს ამბობს თავის დანაკარგებზე.
ომის დაწყებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა უკრაინაში უკვე რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლობის წევრებიც იყვნენ მოკლული, რუსეთი სასტიკად უარყოფდა ყოველგვარ დანაკარგს. რამდენიმე დღეში რიტორიკის შერბილება მოუწიათ.
2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად და, როგორც ჩანს, უკანასკნელად აღიარა, რომ დაღუპულები ჰყავდათ. მათი მტკიცებით, უკრაინაში 498 რუსი ჯარისკაცი მოკვდა და 1 597 დაშავდა. ეს მაჩვენებლები დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია იმაზე, რასაც იმ დროისთვის უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებდა. ამის შემდეგ უწყება დუმს.
21 მარტს BBC-ის რუსულმა ბიურომ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც სახელებითა და წოდებით განიხილა ასეულობით დაღუპული მებრძოლი. ამავე დღეს სიმართლემ გაჟონა სხვა წყაროზეც, იქ სადაც ნაკლებად ელოდნენ.
კომსომოლსკაია პრავდას ვებგვერდზე ჯერ გამოქვეყნდა და შემდეგ შეიცვალა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ 9 861 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 16 153 დაშავდა. გამოცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობოდა, თუმცა დეპარტამენტს ბრიფინგზე მსგავსი ინფორმაცია არ გაუჟღერებია.
ამ თემაზე ვლადიმერ პუტინის სპიკერს CNN-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, შეაფასებდა თუ არა ციფრებს, რაზეც დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს კომსომოლსკაია პრავდასთვის უნდა ეკითხა. სად იყო და სად არა, პრავდას ჟურნალისტიც გამოჩნდა და განაცხადა:
"მე შემიძლია ვუპასუხო დმიტრი სერგეევიჩ. მათ გატეხეს ჩვენი საიტი და სულ რამდენიმე წუთი იყო ყალბი ინფორმაცია. აქ მხოლოდ ერთი კომენტარია. ამის შესახებ ბევრმა მედიასაშუალებამ იცის".
როგორც მედუზა წერს, CNN-ის ჟურნალისტმა მადლობა გადაუხედა კოლეგას დაკონკრეტებისთვის და დაამატა:
"ვისურვებდი კრემლმა განმარტოს რამდენად ახლოსაა ეს ციფრები რეალობასთან?"
პესკოვს მოუწია თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ არ აქვთ უფლება გაახმოვანონ ეს მონაცემები "სამხედრო ოპერაციის დროს".
დღეს, 23 მარტს ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ ჰკითხა პესკოვს, როდის გახდება ცნობილი დანაკარგები, რაზეც რუსეთისთვის დამახასიათებელი პასუხი მიიღეს: "როცა საჭირო იქნება".
"ნამდვილად ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს პრეროგატივა მთლიანად მათ, ანუ ჩვენს სამხედროებს ეკუთვნის. როცა საჭიროდ ჩათვლიან, დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ", — განაცხადა მან.
რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 28-ე დღეს — სრულად
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 600 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
- ტანკი — 517 ერთეული;
- ჯავშანტექნიკა — 1 578 ერთეული;
- საარტილერიო სისტემა — 267 ერთეული;
- თვითმფრინავი — 101 ერთეული;
- ვერტმფრენი — 124 ერთეული;
- საავტომობილო ტექნიკა — 1 008 ერთეული;
- გემები/ნავები — 4 ერთეული;
- უპილოტო საფრენი აპარატები — 42 ერთეული.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
კომენტარები