Google უკრაინის მოსახლეობას საჰაერო თავდასხმების შესახებ წინასწარ შეატყობინებს
Google-მა დღეს დააანონსა, რომ ნებისმიერი უკრაინაში მყოფი ადამიანი სმარტფონის მეშვეობით მოსალოდნელ საჰაერო თავდასხმამდე გაფრთხილებას წინასწარ მიიღებს. Google-ის ბლოგში ვკითხულობთ, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ უკრაინის მთავრობასთან, რათა განგაშის სისტემა სმარტფონებში ამუშავდეს. ახალი ფუნქცია პირველად XDA-Developers-მა შენიშნა.
"უკრაინის სიტუაცია ტრაგიკულია, უამრავი ადამიანი ნუდმივად საგანგაშო სირენების მოლოდინშია, რათა თავის უსაფრთხო ადგილას შეფარება მოასწრონ" — წერს გუგლი თავის განცხადებაში.
ანდროიდის გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი უკრაინის მთავრობის მიერ გაგზავნილ სიგნალებზე იქნება დამოკიდებული. ანდროიდის საინჟინრო ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, დეივ ბურკე აღნიშნავს, რომ ეს ფუნქცია მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ადამიანების სწრაფად გასაფრთხილებლად შეიქმნა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს უკრაინელ ხალხს დაბომბვებისგან თავის დასაცავად წაადგებათ.
განგაშის აპლიკაცია Google Play Store-ში უკვე განთავსდა. ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერ უკრაინელს თავის რეგიონში შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ გააფრთხილებს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გუგლმა რუსებს თავისი სერვისების მიწოდება შეუზღუდა და ამასთანავე, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული მედია საშუალებების აპლიკაციები ევროპის მასშტაბით Google Play-დან წაიშალა.
"რუსეთის შეჭრა უკრაინაში ტრაგედია და ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა. ჩვენ შევეცდებით დავიცვათ უკრაინელი ხალხი ჩვენი პროდუქტების მეშვეობით. ჩვენ დავიცავთ მათ კიბერშეტევებისგან და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უკრაინელმა ხალხმა სწორი და სანდო ინფორმაცია მიიღოს" — დაწერა გუგლმა პირველ მარტს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები