Coinbase რუსეთთან დაკავშირებულ 25 000 კრიპტო მისამართს დაბლოკავს
Coinbase-ის თქმით, ისინი დაბლოკავენ 25 000 კრიპტო მისამართს, რომლებიც რუსებთან ან რუსულ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული, რათა მათ ვერ შეძლონ ქვეყნისათვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება. გუშინ გამოქვეყნებულ ბლოგში კოინბეისის წარმომადგენელმა, Paul Grewal-მა აღნიშნა, რომ მათთვის ეს პროცესი საკმაოდ რთულია და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პლატფორმამ აქტიურად დაიწყო იმ მისამართების გამოკვლევა, რომლებიც სანქცირებულ რუს მოქალაქეებთანაა დაკავშირებული.
Coinbase-მა დაადგინა, რომ დაბლოკილი 25 000 მისამართი პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული იმ პირებთან, რომლებიც სანქცირებულთა სიაში მოყვნენ. ასევე, ამ 25 000-ში მოხვდა სხვა არალეგალური საქმიანობის მქონე პირების მისამართებიც. ისინი თავიანთ საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ, თუმცა თანხები არალეგალურად, კოინებისის გავლით მოძრაობდა.
ამერიკის კანონმდებლებს აინტერესებთ, თუ რომელი კრიპტო კომპანიები არიან ჩართულები რუსეთისადმი დაწესებული სანქციების აღსრულებაში. ოთხმა სენატორმა, მათ შორის Elizabeth Warren-მა, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს, Janet Yellen-ს ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითაც მიმართეს, რათა სამინისტრო ამ ამბით დაინტერესებულიყო.
"სანქციები და მათი აღსრულება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ როლს თამაშობს და ის ასევე უპირისპირდება უკანონო აგრესიას, Coinbase ეთანხმება და მხარს უჭერს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას" — აღნიშნავს Coinbase.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები