iPhone 14-ის ეკრანის შესახებ ახალმა ინფორმაციამ გაჟონა
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ iPhone 14 Pro-ს ოპერაციული მეხსიერება 8 გიგაბაიტი იქნება, რაც აქამდე გამოშვებულ ამ სერიის სმარტფონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ახლა კი სხვა დეტალების შესახებაც გახდა ცნობილი.
კერძოდ, ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, iPhone 14 არც ამჯერად აღიჭურვება სწრაფი განახლების სიხშირის მქონე, 120-ჰერციანი ProMotion ეკრანით, რომლის მსგავსიც არა მხოლოდ ფლაგმანებში, არამედ უკვე საშუალო დონის ტელეფონებშიც გვხვდება.
Apple-ს მომწოდებელი ჩინური კომპანია BOE გეგმავს, რომ დამკვეთი 6.06-დუიმიანი, დაბალი ტემპერატურის პოლიკრისტალური სილიციუმის (LTPS) თხელფირიანი ტრანზისტორის (TFT) მქონე OLED პანელებით მოამარაგოს. ანალოგიური ტექნოლოგია ძველ iPhone-ებშიც გამოიყენებოდა, მათ შორის iPhone X-ში, iPhone 11-ში, iPhone 12-ში, iPhone 13-სა და iPhone 13 Mini-ში, სტანდარტული, 60-ჰერციანი განახლების სიხშირის მქონე ყველა მოდელში.
ProMotion ეკრანებისთვის კომპანია სწორედ LTPS პანელებს იყენებდა, რადგან ის განახლების სხვადასხვა სიხშირესთანაა თავსებადი. ეს საშუალებას იძლევა, რომ ამა თუ იმ ქმედებისას, მაგალითად, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების წაკითხვისას, სიხშირის კლებით ენერგიის მოხმარება შევამსუბუქოთ.
iPhone 14-ის გარდა, ზემოხსენებული დისპლეი, დიდი ალბათობით, iPhone 14 Max-საც ექნება. ProMotion-ის მსურველებს კი შეეძლებათ, iPhone 14 Pro შეიძინონ.
კომენტარები