ბლუმბერგის ცნობილი ანალიტიკოსის, მარკ გურმანის ინფორმაციით Apple წლის ბოლოს 4 ახალ მოწყობილობას წარადგენს, რომლებიც M2 ჩიპზე იმუშავებენ. მარკის აზრით, წელს ახალ 13 ინჩიან MacBook Pro-ს, Mac Mini-ს, 24 ინჩიან iMac-სა და სახეცვლილ MacBook Air-ს ვიხილავთ.

Apple-ს M2-ის შესახებ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა სავარაუდოა, რომ პროცესორი M1-ზე ცოტათი სწრაფი იქნება და იმავე 8 ბირთვიან არქიტექტურას გაიზიარებს. რაც შეეხება გრაფიკულ ბირთვებს, სავარაუდოდ 7-დან და 8-დან Apple 9 ან 10 ბირთვიან ვიდეო ამაჩქარებლებზე გადავა. გურმანის აზრით M2 Pro-სა და Max-ს 2023 წელს უნდა ველოდოთ, როგორც ეს Apple-მა M1-ის შემთხვევაში ქნა.

მას შემდეგ, რაც Apple-მა M1 ჩიპი გამოუშვა, წელიწადზე მეტი გავიდა. ეფლის ახალი პროცესორი პირველად 2020 წლის ნოემბერში ვიხილეთ, რამდენიმე თვეში კი M1 Pro და M1 Max ვიხილეთ. Apple-ს სურს სრულად ჩამოშორდეს Intel-ის პროცესორებს და ამისთვის განვითარებას განაგრძობს. Bloomberg-ის აზრით, ამჟამინდელ 27 ინჩიან iMac Pro-ს უფრო მოზრდილი iMac ჩაანაცვლებს, რომელიც M1 Pro-სა და M1 Max ჩიპებს მიიღებენ. Mac Mini-ს ყიდვა M1 ჩიპით უკვე შესაძლებელია, ამიტომ მარკ გურმანი თვლის, რომ ახალი Mac Mini ან M1 Pro-ს ან M2 ჩიპს მიიღებს.

გურმანის აზრით, Apple ახალ Mac-ებს მარტში წარადგენს, შემდეგი პრეზენტაციები კი მაისსა და ივნისში უნდა გაიმართოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 მარტს გასამართ ღონისძიებაზე ახალ 5G iPhone SE-ს, 5G iPad Air-სა და პოტენციურ, ახალ Mac-ს ვიხილავთ. iPhone 14-სა და Apple Watch Series 8-ს ტრადიციულად წლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.