ამ აპლიკაციაში რეკლამა მაშინ დაპაუზდება, როცა გვერდით გაიხედავთ
ამერიკული კომპანია MoviePass, რომელიც მომხმარებლებს კინოთეატრებში ბილეთების იაფად შეძენის, გამოწერაზე დაფუძნებულ სერვისს სთავაზობდა, ბრუნდება. ის ამჯერად საზოგადოების წინაზე განახლებული ფუნქციებით წარდგება. კერძოდ, მის აპლიკაციაში ჩაშენებული იქნება თვალების მოძრაობის მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც რეკლამას დააპაუზებს ყოველთვის, როცა გვერდით გაიხედავთ. შედეგად, იძულებული იქნებით, მას ბოლომდე უყუროთ.
შეიძლება ეს ყველაფერი არასასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა აპლიკაცია ამ გზით ციფრულ საფულეში თანხის დაგროვების საშუალებას იძლევა, რომელსაც ისევ და ისევ სასურველ ფილმებზე დასასწრებად გამოიყენებთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრინციპი მომხმარებლის ინტერესებზე კარგადაა მორგებული და დიდად არ განსხვავდება იმ სიტუაციისგან, როცა კინოსურათის დაწყების წინ სხვადასხვა რეკლამას გვიჩვენებენ.
"ამის ადრეული ვერსიაც გვქონდა, თუმცა ყველამ იცის, ეს რით სრულდებოდა — ადამიანები სმარტფონებს დებდნენ და სარეკლამო ვიდეორგოლებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ამჟამადაც, შემთხვევების 70 პროცენტში ასე ხდება. ახალი მიდგომა კი დამკვეთებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც მომგებიანია", — აცხადებენ კომპანიაში.
ზემოხსენებული ტექნოლოგია, რომელსაც სახის ამოცნობის ფუნქციაც აქვს, თვალების მოძრაობას ტელეფონის კამერის მეშვეობით გააკონტროლებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეკრანს ნამდვილად უყურებთ. პარალელურად, თანხას გამოიმუშავებთ, რომელიც თქვენს პირად ანგარიშზე დაჯდება.
MoviePass-ის აპლიკაცია ამ ზაფხულს ჩაეშვება.
კომენტარები