ახალი კვლევის მიხედვით, გლობალური დათბობა მაიამისა და ნიუ-იორკს დატბორვით ემუქრება
ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ახალი ანგარიშის თანახმად, აშშ-ს სანაპირო ზოლის გასწვრივ წყლის დონე შეიძლება დაახლოებით 26 სანტიმეტრით გაიზარდოს და ეს მომდევნო 30 წლის განმავლობაში მოხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საშიშია, NOAA-ს ხელმძღვანელი რიკ სპინრადი თვლის, რომ ამ მონაცემების ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენება შეგვიძლია.
"ეს ძალიან საშიშია, მაგრამ ამავდროულად გამოსაფხიზლებლად დარეკილი ზარია. შესაბამისად, ახლა ის დროა ვიმოქმედოთ, დრო არ იცდის!", — თქვა სპინრადმა CNN-თან.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის დამაზიანებელი წყალდიდობები შეიძლება 10-ჯერ უფრო ხშირი იყოს, ვიდრე ეს ახლაა. ასეთ შემთხვევაში, სანაპირო ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და მაიამი, შესაძლოა რეგულარული წყალდიდობებიც მივიღოთ.
"ეს მზარდი პრობლემაა და 30 წელიწადში ბევრ ქალაქს დატბორვით დაემუქრება", — განაცხადა უილიამ სუიტმა, NOAA-ს ოკეანოგრაფმა და კვლევის მთავარმა ავტორმა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ცუდი სცენარი მოგველის იმ შემთხვევაში, თუ ემისიების ამჟამინდელ დონეს შევინარჩუნებთ. რაც მეტი იქნება ემისია, მით უფრო დაჩქარდება მსგავსი პროცესები და ზღვის დონეც უფრო აიწევს.
დღეს სახელმწიფოები ცდილობენ მსგავს პრობლემებს შესაბამისად უპასუხონ. ამიტომ, ჯერ კიდევ არის იმედი რომ მსგავს სცენარს თავიდან ავიცილებთ.
"შემდეგი 30 წელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება მომავალი", — უთხრა CNN-ს სპინრადმა.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
კომენტარები