ამიერიდან Google Play აპლიკაციის დაინსტალირების პროცესს პირდაპირ მთავარ ეკრანზე გვიჩვენებს
გასული წლის მაისში Android 12-ის ბეტა ვერსიის ტესტირების შემდეგ, Google მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს — ამიერიდან Play Store-დან სასურველი აპლიკაციის გადმოწერისა და დაინსტალირების პროცესისთვის თვალის მიდევნებას პირდაპირ მთავარ ეკრანზე შეძლებთ.
ამისთვის მწვანე შეფერილობის ღილაკს უნდა დააჭიროთ, წარწერით "Install". შედეგად თქვენი სმარტფონის მთავარ ეკრანზე აპის შავ-თეთრი გამოსახულება გამოჩნდება, რომლის გარშემოც რგოლი გადმოწერის მიმდინარეობის პარალელურად შეივსება. იქვე შენიშნავთ "Downloading" სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქცია განახლებებზე არ ვრცელდება.
გადმოწერის (რომელსაც ნებისმიერ დროს შეაჩერებთ) დასრულების შემდეგ, სიმბოლოს დაბლა უკვე "Installing" დაეწერება. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკაცია დაინსტალირების ეტაპზე გადავიდა. ბოლოს კი მის ფერად, ფუნქციურ ვერსიას იხილავთ.
როგორც წესი, Play Store ერთბაშად მხოლოდ 1 პროგრამის გადმოტანის საშუალებას იძლევა, მაგრამ, ამასთანავე, ეკრანზე "Pending" სტატუსის მქონე აპლიკაციაც გამოჩნდება, რომელიც ლოდინის რეჟიმშია. მათი გადაწყობა, ანუ განლაგების შეცვლა თავიდანვეა შესაძლებელი.
აღნიშნული სიახლე ხელმისაწვდომია Android 11+ სმარტფონებზე, მათ შორის Google Pixel-ისა და სხვა ბრენდების მოწყობილობებზე.
კომენტარები