მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
ფოტო: Getty Images
გლობალური კატასტროფისგან დაცულები არ ვართ: შეიძლება ეს კლიმატური მოვლენა, ბირთვული აფეთქება, სუპერვულკანის ამოფრქვევა ან სხვა რამ იყოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისეთი ადგილის შესახებ, რომელიც ამ დროს ყველაზე უსაფრთხო იქნება. მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში სწორედ ასეთი რეგიონი გამოავლინეს, სადაც მსგავსი პოტენციური შემთხვევისას განადგურების შედარებით დაბალი რისკის წინაშე აღმოვჩნდებით.
მკვლევრების თქმით, ეს ადგილი ავსტრალიაა. ამის მიუხედავად, ისინი ამბობენ, რომ სრულიად უსაფრთხო არც ისაა, არამედ შესაძლო კატასტროფების შემთხვევაში საშუალოდ უფრო დაცულია, ვიდრე სხვა არეალები.
ავტორებმა ასეთი მოვლენების შესახებ ასობით ნაშრომი შეისწავლეს, რათა რისკებზე მეტი გაეგოთ. ისინი სამ ტიპად დაჰყვეს: მზის სინათლის დაბლოკვის, ინფრასტრუქტურული ზიანისა და ბიოლოგიური საფრთხეების. პირველი შეიძლება ვულკანურმა ამოფრქვევამ, ბირთვულმა ზამთარმა ან ასტეროიდთან შეჯახების შედეგად გამოყოფილმა მტვრის ღრუბლებმა გამოიწვიოს; მეორეში ელექტრო, სატრანსპორტო ან საკვების წარმოების სისტემების მოშლა იგულისხმება. ამის მიზეზი შეიძლება ელექტრომაგნიტური შტორმები, კიბერშეტევები, პანდემია და ხმელეთისგან მოშორებით ბირთვული აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგიის ტალღა გახდეს; მესამეში ბუნებრივი ან ხელოვნური ბიოლოგიური საფრთხე მოიაზრება, რომელიც მასობრივ სიკვდილიანობასა და კონტინენტურ ან გლობალურ სოციალურ რღვევას უკავშირდება.
ისიც გამოიკვლიეს, თუ რამდენად ექნება სხვადასხვა საზოგადოებას იმის შესაძლებლობა/მზაობა, რომ კატასტროფის დროს მნიშვნელოვანი ფუნქციები შეინარჩუნოს. ამ მხრივ გეოგრაფიული, ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული ფაქტორები გაითვალისწინეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე "გამძლე" ქვეყნები რამდენიმე მსგავსებას იზიარებს: დემოკრატიული და მდიდარია, სოციალური უთანასწორობის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, დიდი ინდუსტრიული ბაზა აქვს და მდებარეობის მიხედვით შედარებით იზოლირებულია. ასევე, ისინი დეცენტრალიზებული და მრავალფეროვანია, ვაჭრობაზე ნაკლებადაა დამოკიდებული ან სავაჭრო პარტნიორები მათთან გეოგრაფიულად ახლოსაა.
ჩამოთვლილი ფაქტორებისა და რისკების გათვალისწინებით, შესწავლილი ნაშრომების თანახმად, სწორედ ავსტრალია აღმოჩნდა გამორჩეულად დაცული. ამის მიზეზებს შორის გეოგრაფიული იზოლაცია, საკვების წარმოება, წიაღისეული რესურსების მარაგი და ინდუსტრიული შესაძლებლობებია. ამის მიუხედავად, ის საწვავით საერთაშორისო ვაჭრობაზე, მედიცინასა და სასუქზეა დამოკიდებული, ამიტომ კონკრეტული საშიშროებები მისთვისაც არაა ნულოვანი. ერთი მხრივ, განცალკევებული მდებარეობა უპირატესობაა, მეორე მხრივ კი ეს აუცილებელი პროდუქტების მისაღებად გლობალურ სავაჭრო ქსელთან კავშირის პრობლემასაც ნიშნავს.
ავსტრალიის შემდეგ ხუთეულში ახალი ზელანდია, იაპონია, შვეიცარია და არგენტინაა. რა თქმა უნდა, ისინიც სრულიად უსაფრთხო არაა, რადგან, მაგალითად, მათ უმეტესობას გრძელი სანაპირო ზოლი აქვს, ამიტომ ცუნამისას ან ასტეროიდთან შეჯახებისას შეიძლება წყლით დაიფაროს.
საერთო ჯამში, დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, რომელიც ნებისმიერ გლობალურ კატასტროფას გაუძლებს. სამაგიეროდ, ახალმა კვლევამ გამოავლინა რეგიონები, რომლებიც შედარებით იმედისმომცემია და საშუალებას გვაძლევს, პოტენციური საფრთხისთვის წინასწარ მოვემზადოთ. მაგალითად, შესაძლებელია, ამ ქვეყნებში საკვების საწყობები ან მცენარეთა თესლების საცავი განთავსდეს.
ნაშრომი გამოცემაში Global Challenges გამოქვეყნდა.
კომენტარები