ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად იხვეწება და ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს, თუ როგორ ანადგურებს AI ჭადრაკის, GO-სა თუ პოკერის პროფესიონალებს. ახლა ავტომობილების დროც დადგა და როგორც ჩანს, სონის ახალი ქმნილება ბევრ პროფესიონალ მრბოლელს გაუჩენს ახალ თავსატეხს.

Sony-მ გუშინ დააანონსა, რომ მათმა მკლევრებმა შექმნეს AI მძღოლი, რომელსაც GT Sophy ჰქვია და ზეადამიანური შესაძლებლობები აქვს. მან Sony-ს საკულტო სარბოლო თამაშ Gran Turismo-ში ფაქტობრივად ყველა ტოპ მრბოლელი დაამარცხა.

შეიძლება მიიჩნიოთ, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ეს ძალიან მარტივი დავალებაა, რადგან ის ყოველთვის უკეთეს სისწრაფესა და რეაქციის დროს გამოავლენს, თუმცა ექსპერტები ასე არ თვლიან. მათი აზრით, ის რაც GT Sophy-მ შეძლო სერიოზული გარღვევაა, რადგან ის არამხოლოდ სწრაფია, არამედ ყოველთვის საუკეთესო ტაქტიკასა და სტრატეგიას ირჩევს.

"პროფესიონალი მრობლელების ერთი-ერთზე დამარცხება ხელოვნური ინტელექტისთვის უდიდესი მიღწევაა. GT Sophy-ს წარმატება ტრეკზე მიუთითებს იმას, რომ ნეირონული ქსელებს დროთა განმავლობაში უდიდესი როლი ექნებათ ავტონომიური მართვის ფუნქციების შექმნაში", — წერს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი J. Christian Gerdes ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც თან ახლავს კვლევა.

GT Sophy-ს განვითარებისთვის განმტკიცების გზით დასწავლის მეთოდს იყენებდნენ. ამ მიდგომით AI-ს არანაირ ინსტრუქციას არ აძლევენ, ის გარემოს თვითონ შეისწავლის და დავალებების სწორად შესრულების შემთხვევაში, გარკვეულ ჯილდოს იღებს. GT Sophy-ს შემთხვევაში Sony-ს მკლევრები ამბობენ, რომ ჯილდოს მიღების ფუნქციის შექმნა საკმაოდ ფაქიზი პროცესი აღმოჩნდა. საჭირო იყო ოქროს შუალედის პოვნა, მაგალთად შეჯახების შემთხვევაში მიღებული ჯარიმებით Sophy-ს მართვის სტილი ისე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომ მას რბოლების მოსაგებად საკმარისი აგრესია ჰქონოდა, თუმცა გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ AI-ს სხვა მრბოლელები გზაზე არ უნდა დაეჩაგრა.

განმტკიცების გზით დასწავლის მეთოდის გამოყენებით GT Sophy-მ თითოეული ტრეკის ათვისება რამდენიმე საათში შეძლო, ხოლო 2 დღეში Gran Turismo-ს მრბოლელების 95%-ზე სწრაფი იყო. 45 000 საათიანი წვრთნის შემდეგ GT Sophy-მ სამ ტრეკზე წარმოუდგენელი შედეგეგი აჩვენა.

GT Sophy სამ e-Sport მრბოლელს, Emily Jones-ს, Valerio Gallo-სა და Igor Fraga-ს დაუპირისპირეს. მათგან მოგება ვერავინ შეძლო. სამივესთან დაპირსპირებაში GT Sophy გამარჯვებული აღმოჩნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.